საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ ეწინააღმდეგება და არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება ემსახურება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინტერესებს და არანაირად არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს – ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას”. – თქვა მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიღებული ერთობლივი განცხადება დეკლარაციული ხასიათსაა და მხარეთა შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების სურვილს გამოხატავს.
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებაზე საუბრისას, დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ განცხადებაში განსაზღვრული 4 მიმართულება – პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობები და საერთაშორისო განზომილება – „სრულ თანხვედრაშია პარლამენტის მიერ 2020 წლის დეკემბერში დამტკიცებულ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციასთან, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, საგარეო-ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას”.
დარჩიაშვილის განცხადებით, მხარეთა მიერ დეკლარირებული მიზნები არ გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას და სრულად შეესაბამება საქართველოს განვითარების სტრატეგიას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა დოკუმენტზე „საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030“, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ნოემბერში დაამტკიცა. მინისტრის თქმით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაიდგმება ნაბიჯები ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც მსოფლიოს მეორე წამყვან ეკონომიკას წარმოადგენს.
ილია დარჩიაშვილმა ასევე თქვა, რომ საქართველო და ჩინეთ პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს.
თუმცა, საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ტექსტში არაფერი თქმულა ჩინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხზე.
31 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მხარეები ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ადასტურებენ და საქართველო ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს”.
ამის შესახებ მინისტრს თეონა აქუბარდიამ ჰკითხა:
„რატომ არ იყო სტრატეგიულ პარტნიორთან ტექსტში თქვენგან ნამუშევარი, რომ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხი ყოფილიყო სათანადოდ“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა თეონა აქუბარდიამ საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
ოპოზიციონერი დეპუტატების სხვა შეკითხვები ეხებოდა რუსეთის ფედერაციას და იმას, თუ რატომ უჭირს მმართველ პარტიას, რომ რუსეთი მტრად აღიაროს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა შეკითხვების უმრავლესობა უპასუხოდ დატოვა.
„კითხვები იყო, რომელიც თემატიკას არ ეხება, ამიტომ მე მინდა პატივი ვცე საქართველოს პარლამენტს, ინტერპელაციის წესს და დადგენილ პროცედურას. მეც ალბათ სხვა საკითხებში, რომლებიც არ ეხება ჩინეთს და ჩინეთთან ურთიერთობებს, ალბათ, არ შევალ“, – განაცხადა მინისტრმა.
ჩინეთი ამ დრომდე არ უჭერს მხარს გაეროს რეზოლუციას, სადაც აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ამასთან, ჩინეთი საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული პარტნიორია.
საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობის „სტრატეგიულად” შეფასებაც ახალია. ის პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა სი ძიპინთან ვიზიტის შემდეგ გამოიყენა.
საქართველო აშშ-ის განცხადებული სტრატეგიული პარტნიორია, აშშ-ს კი ავტორიტარულ ჩინეთთან რთული ურთიერთობები აქვს.