დარჩიაშვილი: ენგურჰესი ნდობის შესაძლებლობაა ოკუპაციის ხაზით გაყოფილ 2 საზოგადოებას შორის

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ არ იცის ენგურჰესთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დეტალები, რომელიც გალში, ენგურჰესის ხელმძღვანელობასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ეკონომიკის მინისტრს შორის შედგა.

მისივე თქმით:

„ენგურჰესი ყოველთვის იყო ურთიერთობის, ნდობის აღდგენის შესაძლებლობა ოკუპაციის ხაზით გაყოფილ 2 საზოგადოებას შორის. ყოველთვის ასე იყო, რომ ენგურჰესი ემსახურებოდა და მისი გეოგრაფიული მდგომარეობაც ისეთია, რომ ეს კოორდინაცია ზოგადად საჭიროა, რომ ობიექტმა იფუნქციონიროს”, – თქვა ილია დარჩიაშვილმა.

ჟურნალისტებმა ამავე თემაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც დაუსვეს შეკითხვა.

მისი განცხადებით:

„ენგურჰესი უკვე წლებია, არის მაგალითი, სადაც შესაძლებელია ტექნიკურ საკითხებზე საუბარი იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათი სოციალური პირობები იყოს შესაბამისი, ვგულისხმობ ელექტროენერგიით მომარაგებას და ეს არის კარგი მაგალითი, რომ ურთიერთობები და კონტაქტები უნდა არსებობდეს”.

2023 წლის 22 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ენგურჰესის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. საოკუპაციო აფხაზეთში მოქმედმა გამოცემამ, „ნუჟნაია გაზეტამ” წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ აფხაზურმა მხარემ ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდა მოითხოვა.

შეხვედრას წინ უძღოდა რუსეთის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიას უფასოდ აღარ მიაწვდის.

საოკუპაციო რეჟიმს ელექტროენერგია ენგურჰესიდანაც მიეწოდება – კერძოდ, სემეკის ცნობით, აფხაზეთში მიდის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 60%.