დარჩიაშვილი NATO-ს დეკლარაციაზე: ყველაფერი ვერ მოხვდებოდა ამ დოკუმენტში

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ეხმაურება NATO-ს ახალ დეკლარაციას, სადაც საქართველო მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები და ის არ იმეორებს ჩანაწერს, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება.

როგორც დარჩიაშვილი ამბობს, „ყველაფერი ვერ მოხვდებოდა ამ დოკუმენტში”.

„საიუბილეო სამიტი გამოირჩევა სხვა დანარჩენი სამიტებისგან. ყოველთვის უფრო დატვირთულია გლობალური პოლიტიკური გზავნილებით, და შესაბამისად, ყველაფერი ვერ მოხვდებოდა ამ დოკუმენტში. საქართველოს კომპონენტი არის უსაფრთხოების თვალსაზრისით მოხვედრილი.

ჩვენ მადლობელი ვართ ალიანსის და ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყოველთვის დგას ალიანსის დღის წესრიგში, ეს ასევე გამოიხატა ამ დოკუმენტში.

დოკუმენტში ცალსახად არის მოწოდება საქართველოს დეოკუპაციის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ალიანსის ძალიან ძლიერი და კონსოლიდირებული მხარდაჭერა თავის დადებით ეფექტს მოიტანს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

NATO-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში საქართველო მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები – მოწოდებაში რუსეთის მიმართ, გაიყვანოს ძალები საქართველოდან და მოლდოვიდან.

დეკლარაციის უმეტესი ნაწილი უკრაინას ეთმობა.

დეკლარაციის თანახმად, NATO-ს წევრი და სამიტში მონაწილე ქვეყნები მზად არიან, მხარი დაუჭირონ მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს და გააძლიერონ მათი შესაძლებლობები ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ. 

ამ კონტექსტში დეკლარაციაში საქართველო ნახსენები არ არის. 

ასევე, 2024 წლის NATO-ს დეკლარაცია არ იმეორებს ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.