საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა.
„საქართველო გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგზე მუშაობას. რაც შეეხება პირობითობის საკითხს, ეს არ არის ახალი და ამის პრაქტიკა არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის. მსგავსი პრაქტიკა ასევე ჰქონდათ ბალტიისპირეთის ქვეყნებს. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებთ სვლას ჩვენი საბოლოო მიზნისკენ და ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევით, ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს აუცილებლად მივიყვანთ საბოლოო მიზნამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა“, – განაცხადა მინისტრმა.
17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.
საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოგვიანებით, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.