საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უარყოფს, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის პირდაპირი ფრენის დაწყებასა და სავიზო რეჟიმის გაუმქებაზე მოლაპარაკება ჰქონდათ. დარჩიაშვილის თქმით, ისინი მოლაპარაკებაში ჩართულები არ ყოფილან.
„მე არ ვიცი, რატომ მიეცა ამ საკითხს ასეთი ფორმა. ჩვენ ფრენებთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ამ პროცესში, არც სავიზო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და არც ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნაზე, არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია. ეს არაერთხელ ვთქვით, ყველა დონეზე იქნა ამის შესახებ კომენტარი გაკეთებული.
ჩვენ ვრჩებით ჩვენი განცხადებების ფორმატში, ჩვენი განცხადებების მთავარი ლაიტმოტივი რაც იყო მაშინ, რომ ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია და ახლაც იმავეს გიდასტურებთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა დიასპორის ფორუმის დასრულების შემდეგ.
თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირი ფრენის დაწყებას მიესალმება, რადგან მისი თქმით, ეს ქართულ დიასპორას გაუმარტივებს მიმოსვლას.
„მსგავსი გადაწყვეტილებით, ჩვენს ღირსეულ თანამოქალაქეებს, ჩვენს დიასპორელებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, გაუადვილდებათ სამშობლოსთან მიმოსვლა“, – თქვა დარჩიაშვილმა.
პირდაპირი ფრენის დაწყებას დადებითად აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკიც. მისი თქმით, რასაკვირველია, ქართული მხარის დაინტერესებაც იყო, რომ პირდაპირი ფრენა დაწყებულიყო.
„ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობა შეუქმნას, რასაკვირველია, არც ფრენების აღდგენა მოხდებოდა და რასაკვირველია მოხდებოდა ის, რასაც ჰქვია ეკონომიკური სანქციებით კონფრონტაცია, რაც საქართველოს დაანგრევს, აქედან გამომდინარეობს ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება. რაც შეეხება გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენაზე, რუსეთმა მიიღო, როგორც შეწყვეტის ასევე აღდგენის გადაწყვეტილება“, – თქვა ვოლსკიმ.
გუშინ ამ საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა შეგრძნება, პირდაპირი ფრენის დაწყებასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას საქართველოს ხელისუფლება მოითხოვდა. შემდეგ კი ეს გადაწყვეტილება უშუალოდ მან მიიღო.