აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი აცხადებს, რომ ბათუმის მე-7 სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
საქმე ეხება ადგილობრივი მედიის „ტვ 25-ის“ მიერ გავრცელებულ მასალას, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეს სასწავლო პროცესი იმის გამო დაატოვებინა, რომ მოსწავლემ პროტესტის ნიშნად კედლიდან რუსეთის დროშა ჩამოხია. გარდა ამისა, მასალაში ნათქვამი იყო, რომ სკოლის კედელზე სხვა ქვეყნის დროშებთან ერთად განთავსებული იყო ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. დროშა. მასალაში ვკითხულობთ, რომ ამის ამსახველი ფოტო გამოცემას მოსწავლეებმა გაუგზავნეს და უამბეს, რომ თანაკლასელის პროტესტი იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ „სკოლის ადმინისტრაციამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღიარა და აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ წარმოადგინა“.
აჭარის განათლების მინისტრი ამბობს, რომ დირექტორის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება მოკვლევის საფუძველზე მიიღეს.
„სამინისტრომ მოიკვლია აღნიშნული ფაქტი, შესწავლილი იქნება დოკუმენტირებულად, როგორ მოხდა აღნიშნული რესურსი სკოლის სივრცეში, ვისი ინიციატივით მოხდა დამზადება, სკოლის სივრცეში განთავსება და ამ მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სასწავლო რესურსების შერჩევის დროს ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა იყოს დაცული, ამ შემთხვევაში იყო დარღვეული, და ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევას.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო რესურსების შერჩევა, იქნება ეს: სახელმძღვანელო, დამატებითი რესურსი თუ სხვა, მნიშვნელოვანია, სკოლის დირექცია და მთლიანად საგანმანათლებლო სივრცე მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს. ვინაიდან ვსაუბრობთ ქვეყნის კანონმდებლობაზე და ბავშვების მომავალზე. აქედან გამომდინარე იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის საფუძველზე, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას”, – აცხადებს მაია ხაჯიშვილი.