დარღვეულია თამარ მაყაშვილის შრომითი უფლებები - გილდია

პუბლიკა

გილდია – დამოუკიდებელი პროფკავშირები კულტურისა და მედიის სფეროში,  მსახიობ თამარ მაყაშვილის სპექტაკლებიდან მოხსნას ეხმაურება და ამბობს, რომ მსახიობის შრომითი უფლებები დარღვეულია.

2022 წლის 31 ოქტომბერს, მსახიობი თამარ მაყაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იხსენებდა თავისი ოჯახის ისტორიებს, რა დროსაც გამოიყენა სიტყვები „…აცვია ხულელი ბავშვივით ბეშუმური კაბა“, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ამის შემდეგ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები“.

„ჩვენთვის გაუგებარია, მსახიობის მიერ ბოდიშის მოხდის შემდეგ, რას ემსახურება სამხატვრო ხელმძღვანელის ქმედება, განსაკუთრებით მაშინ, როცა აღნიშნული მოსაზრება არც თეატრის სცენიდან და არც თეატრთან დაკავშირებული სხვა პლატფორმიდან არ გამოუთქვამს”. – აცხადებს „გილდია”.

„გილდია“ იზიარებს, რომ მსახიობის გამონათქვამი კორექტული არ იყო. თუმცა „თამარ მაყაშვილმა მეორე დღესვე გაავრცელა ვიდეო, სადაც განმარტა მის ინტერვიუში გადმოცემული ამბავი და საჯაროდ მოიხადა ბოდიში”. – ამბობენ პროფკავშირებში.

„თეატრს, როგორც დამსაქმებელს შეუძლია, გაემიჯნოს დასაქმებული მსახიობის მოსაზრებას, მაგრამ არ აქვს უფლება, ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში და გააკონტროლოს, სად რა განცხადებას გააკეთებს მსახიობი. შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოადგენს სამუშაოს შესრულებას დამსაქმებლის მიერ ორგანიზებულ პირობებში განსაზღვრულ დროსა და ადგილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა შემოსაზღვრულია მხოლოდ იმ დროითა და ადგილით, რომელშიც და სადაც სრულდება სამუშაო. შესაბამისად, დამსაქმებელი არ არის უფლებამოსილი, რაიმე ღონისძიება გაატაროს სამუშაო დროისა და ადგილის მიღმა მომხდარ ფაქტებზე.

ამასთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და აჭარის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების თანამშრომლები სოციალურ ქსელში აქტიურად მოითხოვდნენ ქალბატონი თამარის „დასჯას“. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაზე სწორეს აღნიშნულმა იქონია გავლენა, რაც საფრთხეს უქმნის თეატრის დამოუკიდებლობასა და შემოქმედებით საქმიანობას.
„გილდიას“ შეფასებით, სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილება არის არაპროპორციული და გაუმართლებელი ჩარევა მსახიობის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებაში და მხოლოდ მსახიობთა დაშინებას ისახავს მიზნად. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს პოპულისტურ გადაწყვეტილებას, რასაც შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს – ის ხაზს უსვამს, რომ მსახიობის ნებისმიერი პირადი ხასიათის განცხადებამ შეიძლება, მისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა განაპირობოს.

მსახიობ თამარ მაყაშვილის რეპერტუარიდან მოხსნა წარმოადგენს დისკრიმინაციას აზრის გამოხატვის ნიშნით. აღნიშნული კი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ თამარ მაყაშვილის, არამედ მსახიობების როგორც შრომით უფლებებს, ასევე, გამოხატვის თავისუფლებას.
გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლითაც. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ იმ იდეებს, რომლებიც დადებითად და კეთილგანწყობილად შეიძლება, იყოს მიჩნეული, არამედ იმ იდეებსა და მოსაზრებებს, რომლებიც შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი და ამაღელვებელი შეიძლება იყოს. ევროპული სასამართლოს განმარტებით, სწორედ ეს არის პლურალიზმი, ტოლერანტობა და გლობალურად აზროვნება, რომლის გარეშეც არ არსებობს „დემოკრატიული საზოგადოება“. – ნათქვამია „გილდიის” განცხადებაში.

„გილდია” მიმართავს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბათილად ცნოს „მის მიერ მიღებული არაპროპორციული გადაწყვეტილება და უზრუნველყოს თეატრში შრომითი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი”.