დარიალის სასაზღვრო პუნქტთან ორი მკვლელობა მოხდა. დაკავებულია 1 პირი - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაკავებული ვ.გ.-ს მამას – 1956 წელს დაბადებულ ა.გ.-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, 1981 წელს დაბადებულმა ა. მ.-მ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რის შედეგადაც ა.გ.- გარდაიცვალა.

ამის შემდეგ, გარდაცვლილი ა.გ.-ს შვილმა – ვ.გ.-მ, შურისძიების მოტივით, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა.მ.-ს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. პოლიციამ ვ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა”, – წერს შსს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.