„დარიალზე“ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთათვის განთავსების სივრცეს მოაწყობენ

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტმა „დარიალის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე განთავსების სივრცეების მოსაწყობად გამარტივებული შესყიდვის თაობაზე მიმართა. შესყიდვისთვის 300 000 ლარამდეა გათვალისწინებული.

დაგეგმილია უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირების განთავსებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

სასაზღვრო პოლიციის დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ამას 2025 წლის ივნისში მიღებული კანონში ცვლილება ავალდებულებს.

„კანონი ითვალისწინებს ახალ რეგულაციას, რაც გულისხმობს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში, ამავე კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს საზღვარზე განხილვის შესაძლებლობას, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე. შესაბამისად, საზღვრის პროცედურის ფარგლებში, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი განთავსებული იუნდა მოხდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში, მისი განთავსებისთვის შესაბამისი პირობების არსებობის გათვალისწინებით.

ამასთან, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, საზღვრის პროცედურის განხორციელების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს უცხოელის ან მოქალაქეობის არ მქონე პირის განთავსებისთვის ღირსეული პირობების შექმნა“, – აღნიშნულია განაცხადში.

სასაზღვრო პოლიცია წერს, რომ გადაუდებელი აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც საზღვართან გაიზარდა რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელების რიცხვი.

„გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება დადომა გამოწვეული იქნა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ: საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებულ საზღვარზე, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „დარიალი“ ერთადერთი მოქმედი სასაზღვრო გამტარი პუნქტია, სადაც ბოლო პერიოდში,დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან მომავალი პირები, ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იხდიდნენ სასჯელს, სისხლისსამართლებრივი დანაშაულისთვის, მათ შორის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ, სასჯელის მოხდა დაასრულეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში. სასჯელის მოხდის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მიერ ხდება აღნიშნული პირების ე.წ. „დეპორტაცია“ საქართველოს აღნიშნულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან“, – აღნიშნულია განაცხადში.


რუსეთის მიერ დეპორტირებული თითქმის 60 უკრაინელი რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა ჩარჩენილი. ისინი იძულებულები არიან, სარდაფის ტიპის სივრცეში იცხოვრონ, გარეთ გასვლის უფლების გარეშე.

მათ შორის არიან როგორც ყოფილი პატიმრები, რომლებიც რუსეთმა უკრაინის ციხეებიდან რუსულ კოლონიებში გადაიყვანა, ასევე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები.

შსს აცხადებს, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ მყოფი მოქალაქეების დასაბრუნებლად საქართველომ უკრაინას რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა.

უწყების ცნობით, შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით დაბრუნების ვერსიები.

უწყება აცხადებს, რომ  უკრაინის მოქალაქეებს არ აქვთ ვალიდური დოკუმენტები და აქვთ ნასამართლეობის ისტორია, რის გამოც ისინი საქართველოში არ შემოუშვეს.