„[დარტყმის] ისეთი ხმა იყო, აქცია დაიშალა" — მზია ამაღლობელის საქმეზე გრიგოლ ბესელია იკითხება

პუბლიკა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელიას დაკითხვა მიმდინარეობს.

ბესელიამ სასამართლოში 11 იანვრის აქციაზე მზია ამაღლობელის დაკავების ორივე შემთხვევაზე ილაპარაკა.

პირველი, ადმინისტრაციული დაკავების შესახებ გრიგოლ ბესელიამ თქვა:

„ღობის შიგნით ვიდექით, როდესაც მზია მივიდა და პოლიციის შენობას მიაკრა სტიკერი. მეც იქ ვიდექი, არ ვიცნობდი მზია ამაღლობელს. აქციის წევრებიც ეძახდნენ: „არ ქნა”. ვიდეოც მაქვს ნანახი, სადაც მოუწოდებენ მისი თანამოაზრეები, თუ აქციის წევრები, რომ არ გაეკრა, თუმცა მაინც მიაკრა. მივედი, რათა მეცადა, რომ არ დაეკრა სტიკერი, აღგვეკვეთა სამართალდარღვევა.

როდესაც მივედი მზია ამაღლობელთან, სტიკერი დაკრული ჰქონდა. ვცდილობდი, იდენტიფიცირება მომეხდინა, ვინ იყო ეს ქალბატონი, რადგან ასე უხეშად მოახდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამ დროს, თანამშრომლებმა შეიყვანეს პოლიციის შენობაში.

ცნობილი გახდა, რომ მზია დააკავეს ბიჭებმა, ამოიცნო ჩემმა თანამშრომელმა, რომ ქალბატონი მზიაც ერთ-ერთი იყო, რომელიც პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას, {საუბარია} პოლიციელების მიმართ შეურაცხმყოფელ შეძახილებზე.

[ეს] მე პირადად არ დამინახავს. მე ღობესთან რომ მივედი, შევესწარი, რომ მზია მიდიოდა სტიკერის დასაკრავად, მეგობრები კი ეუბნებოდნენ არ გაეკრა სტიკერი შენობაზე“.

მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს პოლიციის შენობასთან დააკავეს იმის გამო, რომ მან კედელს მიაკრა სტიკერი „იფიცება საქართველო” – 15 იანვარს გაფიცვის აქცია გაიმართა. პროტესტში ჩართული მოქალაქეები ამისთვის ემზადებოდნენ.

11 იანვრის საღამოს, მზიას დაკავებამდე მოქალაქეები ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ.

მოქალაქე თათია აბულაძემ საპროტესტო მსვლელობის დროს მის წინ მდგომს სტიკერი მიაკრა: „იფიცება საქართველო“. ამის გამო აბულაძე დააკავეს. როგორც შემდგომ მან თქვა, არ იცოდა, რომ მის წინ მდგომი ადამიანი პოლიციელი იყო.

„ჩვეულებრივი მოქალაქე მეგონა“, – თქვა მან თავის ადმინისტრაციულ პროცესზე.

ამ დაკავების გასაპროტესტებლად მოქალაქეებმა ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს. აქ კიდევ დააკავეს 10 ადამიანი – ზოგიერთი მათ შორის სტიკერის, „გაიფიცე საქართველო“ ასფალტზე გაკვრისთვის, ასევე, სხვების დაკავების შესახებ კითხვების დასმისთვის. მზია ამაღლობელმაც პოლიციის შენობის კედელს სტიკერი დაკავებების გასაპროტესტებლად გააკრა, რასაც მისი პირველი დაკავება მოჰყვა.

გრიგოლ ბესელიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენჯერმე გაიმეორა, რომ პოლიციელებს არ აქვთ გაფიცვის უფლება, ამის გამო „პოლიციელისთვის მსგავსი სტიკერის მიკვრა შეურაცხყოფაზე მეტია“. 

რაც შეეხება მზიას სისხლის სამართლის წესით დაკავებას, ბესელიას თქმით, ადმინისტრაციული წესით მოქალაქეების დაკავების შემდეგ აქციის სხვა მონაწილეები პოლიციის მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ.

„ასევე იყვნენ მზია ამაღლობელის ახლობლები. ძმები გაბაიძეები იყვნენ, რომლებიც იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას. მოხდა ძმები გაბაიძეების დაკავება.

აქცია მშვიდად მიმდინარეობდა, არ იყო დაპირისპირება, დაშლისკენ მიდიოდა, გაბაიძეებმა რადგან პოლიციას მიაყენეს შეურაცხყოფა, მოხდა მათი დაკავება, შემდეგ ისევ აიწია მუხტი აქციის წევრებს შორის“, – თქვა ბესელიამ.

აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი სასამართლოზე ირწმუნებოდა, რომ მზია ამაღლობელის ვინაობა მან 11 იანვრამდე არ იცოდა.

გრიგოლ ბესელიას მტკიცებით, მზია ამაღლობელი, ასევე „ბათუმელების” რედაქტორი ეთერ თურაძე ირაკლი დგებუაძის მიმართ აგრესიულები იყვნენ.

„აგრესიული იყო [მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძესთან] და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, იმიტომ, რომ არ ვართ პოლიციელები ქალებისგან, მით უმეტეს, აჭარაში, ასეთ აგრესიულ დამოკიდებულებებს…

[…]

დგებუაძე ბრუნდება, მერე ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე ქაჩავს და ხელს ურტყამს სახის არეში. მერე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება და ეგ იყო და ეგ მაგათ შორის. იმ წამსვე ხდება, რეაგირებაც ვერ მოვახდინე, მინდოდა რომ… ქალბატონი მზია და ქალბატონი ეთერი ერთად იდგნენ.

ქალბატონ მზიას არც ვიცნობდი და შეხებაც არ მქონია მანამდე. ქალბატონი ეთერი იყო უფრო აგრესიული, მეც მქონდა კომუნიკაცია იმ დღეს და ვიცი მისი დამოკიდებულება როგორი იყო, განსაკუთრებით თავგამოდებით აგრესიულობით გამოირჩევა ხოლმე.

[…]

სახეში დაარტყა ხელი. ისეთი ხმა იყოს დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა. 3-4 კაცი დარჩა“, – თქვა გრიგოლ ბესელიამ.

ამასთან, ბესელია აღნიშნავს, რომ „გამორიცხულია, ამაღლობელს ან ვინმე სხვას დგებუაძის მიმართ აგრესია ჰქონოდა და უბრალოდ აქციის მონაწილეებს სურდათ, ტემპერატურა აწეულიყო“.

მან ასევე თქვა, რომ არ უნახავს დაზიანება ირაკლი დგებუაძის სახეზე.

„[ირაკლი დგებუაძეს] სახეში ხელი დაარტყეს. ვიზუალურად რამე დაზიანება, სისხლდენა არ ჰქონია. სისხლნაჟღენთი და ნაკაწრი არ ჰქონია. სიწითლე არ მინახავს, არ მიმიქცევია ყურადღება ამისთვის”. – თქვა მან ადვოკატ მაია მწარიაშვილის კითხვების პასუხად.

მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, რადგან ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. პოლიციელები, რომლებიც მზიას დაკავების შემდეგ გამოიკითხნენ, ამბობენ, რომ დგებუაძეს შედეგად მარჯვენა ლოყა და ყური გაუწითლდა.