საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორის განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მან ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გამოხატა სურვილი და იმედი, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის და რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არა აქვს.
„სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ორშაბათს, 4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში, 1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტი-ებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს.
როდესაც კარკაძემ ზემოაღნიშნული ანტისემიტური განცხადებები გააკეთა, ორი კვირაც კი არ იყო გასული ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის და წმინდა სინოდის წევრის, მეუფე იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებული ძალზედ სადავო და პრობლემური ქადაგებიდან, რომლის ნაწილიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური.
მე ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში უკვე საკმარისად დიდი ხანი ვიმყოფები იმის გასაცნობიერებლად, რომ ქართველების უდიდესი ნაწილი არ იზიარებს ასეთ შემზარავ შეხედულებებს.
30 წლის წინ, მას შემდეგ რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა, ისრაელი – ებრაული სახელმწიფო – ისწრაფის, რომ სათანადოდ დაუბრუნოს მას ეს სიკეთე და გამოხატავს მადლიერებას, მათ შორის ინვესტიციების განხორციელებით ადგილობრივ ეკონომიკაში, 1500-ზე მეტი ქართველის გადამზადებით ისეთ სფეროებში როგორიც არის მედიცინა, სოფლის მეურნეობა, განათლება და მაღალი ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებითა და კოვიდ 19-ის პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების გაწევით.
2019 წელს საქართველოს ისრაელიდან ტურისტების რეკორდული რაოდენობა, 200,000 სტუმარი ეწვია. ეს არის ტურისტების ყველაზე დიდი ჯგუფი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მას უშუალოდ არ ესაზღვრება. ეს ადამიანები ჩამოვიდნენ აქ იმ იმედით, რომ მათ კვლავ კეთილი განწყობით ელიან და რომ იყო ებრაელი საქართველოში ყოველთვის იქნება საამაყო და არა სასირცხვილო.
მიმდინარე თვეში, 27 იანვარს, აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. როგორც ისრაელის სახელმწიფოს ელჩი და შვილი 91 წლის მამის, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ის მკაცრად გმობს ილია კარკაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და, ასევე, განმარტა მის მიერვე მანამდე გაკეთებული განცხადება, იმედს ვიტოვებ, რომ მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომელიც ყოველთვის ღიად საუბრობდა თავის გულწრფელ მეგობრობაზე ებრაელ ხალხთან, თავადაც კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს და დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს.
როგორც ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა: “ერთადერთი რამ, რაც აუცილებელია ბოროტების ტრიუმფისთვის, არის ის, რომ კარგმა ადამიანებმა არაფერი აკეთონ“.
მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა შეაჩეროს ანტისემიტიზმის აღმოცენება ამ ქვეყანაში, “- ნათქვამია ელჩის განცხადებაში.