დარწმუნებული ვარ, „მთავარი“ არ დაუშვებს, მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს – გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „მთავარი არხის“ სიუჟეტის გარშემო საბოტაჟის მუხლით დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს გამოეხმაურა.

ჟურნალისტებმა მას სთხოვეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ომბუდსმენის განცხადებების შეფასება, რომელშიც საუბარია, რომ სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება დამოუკიდებელი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის საფრთხეს ქმნის.

„დარწმუნებული ვარ, რომ „მთავარი“, რა სახის გამოძიებაც არ უნდა დაიწყოს საქართველოს რომელიმე საგამოძიებო ორგანომ, არ დაუშვებს, მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს“, – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას გიორგი გახარიამ და დაამატა, რომ ქართული სამართლებრივი ჩარჩოც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვინმემ მედიის დამოუკიდებლობაში ჩარევა სცადოს.

„საქართველოს დღეს სამართლებრივი ჩარჩო არავის არ აძლევს შესაძლებლობას, პოლიტიკური თვალსაზრისით ან რაიმე სხვა თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს. დარწმუნებული ვარ ამაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სუს-ის მიერ „მთავარის“ სიუჟეტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაში ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების მოტივაციას ხედავს.

„ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია სუს-ისგან, თუ კონკრეტულად რა ფაქტებს შეეხებოდა და როდის დაიწყო ეს გამოძიება; მიღებული პასუხებით, ეს არ იყო კავშირში რამდენიმე დღის წინ „მთავარზე“ გასულ სიუჟეტთან.

სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის, მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს. ეს გამოძიება, რაც მიმდინარეობს, იმ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების განხორციელების მოტივაციას უფრო ვხედავ“, – განაცხადა ლომჯარიამ.

საქმეს გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მედიის მხრიდან პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევისას, საკითხის სისხლის სამართლის ჭრილში გადატანა ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, უხეში ჩარევაა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და ქმნის თვითცენზურის საფრთხეს.

გუშინ განცხადება გაავრცელა ასევე „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“ – „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება და საქალაქო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი კონკრეტული მედიასაშუალების, ასევე მთლიანად მედიაგარემოს გაკონტროლების მცდელობას, რაც სახიფათო და დამაზიანებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – წერია განცხადებაში.


როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ „შაბათის მთავარში“ გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს. სუსი აცხადებს, რომ გამოიკითხნენ სიუჟეტის რესპონდენტები, დაკითხვების შედეგად კი უტყუარად დადასტურდა, რომ რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული სიუჟეტის ავტორთა მიერ არასწორი თარგმანის მეშვეობით და დადგინდა, რომ ამ პირებისთვის არათუ თანხა არ შეუთავაზებია არავის მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების არარეალური მიზეზის დასახელების სანაცვლოდ, არამედ მათ, აღნიშნული ფაქტის შესახებ ზოგადი ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ.

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება 2020 წლის 20 ივნისს გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასული რეპორტაჟის – „ნაყიდი COVID 19“ და ასევე, 2020 წლის 25 ივნისს, 21:03 – 21:13 საათის პერიოდში გასული სიუჟეტის, სრული და უწყვეტი, დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვის თაობაზე, რომელიც დღეს ოფიციალურად ჩაბარდება აღსასრულებლად სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობას.