დარწმუნებული ვარ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვებს სასწრაფოდ სჭირდებათ შველა - დეკანოზი

პუბლიკა

„გონივრული ეჭვი კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საგანგაშო ვითარებაში იმყოფებიან ბავშვები და სასწრაფოდ ჭირდებათ შველა”, – ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე facebook-ზე წერს.

მისი შეფასებით, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი სახელმწიფოს, ფაქტობრივად, თავზე ახევს კონსტიტუციას, რაც დაუშვებელია. ის სახელმწიფოს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„რატომ ვარ დარწმუნებული? იმიტომ, რომ მთ. ეპისკოპოს სპირიდონ აბულაძეს ჩაკეტილი აქვს კარი კონტროლისთვის და დღემდე არ უშვებს შიგნით საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ სახალხო დამცველს და მისი კონტროლის ჯგუფს. ფაქტობრივად მთ. ეპისკოპოსი სპირიდონი სახელმწიფოს თავზე ახევს კონსტიტუციას. ეს დაუშვებელია.

სახელმწიფომ არ უნდა მისცეს ამის ნება არავის, მით უმეტეს როცა ბავშვების უსაფრთხოებას ეხება საქმე. ვინაა ერთი ეპისკოპოსი, რომ სახელმწიფოს კანონს არ ემორჩილება?!

მეორეს მხრივ, ჩემს დაქვემდებარებაში რომ იყოს ბავშვთა პანსიონი, რატომ უნდა მქონდეს ჩაკეტილი? რა, ციხეა თუ კოლონია? რატომ არ უნდა მინდოდეს, რომ ნახოს ხალხმა, ჟურნალისტებმა, მაკონტროლებელმა ორგანოებმა რა კარგ და ყოველმხრივ შესაფერის მდგომარეობაში მყავს ბავშვები?! თუ რამე არ მაქვს წესრიგში, მაინც უნდა მინდოდეს, რომ გავხსნა კარი და ყველას ვანახო ჩემი პრობლემა, რომ იქნებ დამეხმარონ და სასიკეთოდ შევცვალო ბავშვების მდგომარეობა.

რადგან ამ ყველაფერს კატეგორიულად და პანიკურად ეწინააღმდეგება მთ. ეპისკოპოსი სპირიდონი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში და სასწრაფოდ შესამოწმებელია.

1 ივნისს ვუერთებ ჩემს ხმას ამ განგაშს, უშველეთ ბავშვებს, სახელმწიფოვ, შეასრულე შენი მოვალეობა, გაახსნევინე ჩარაზული კარი, დაუშვი სახალხო დამცველი და სასწარაფოდ შეამოწმე შენი ბავშვების მდგომარეობა ნინოწმინდის პანსიონში”, – წერს დეკანოზი.


სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელების – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.