დარწმუნებული ვარ, პანსიონში სათანადო პირობებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს შესაბამისი მონიტორინგის შესაძლებლობა - პაპუაშვილი

პუბლიკა

დარწმუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში სათანადო პირობებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს შესაბამისი მონიტორინგის შესაძლებლობა, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი.

„დარწმუნებული ვარ, ყველას შესაძლებლობა ექნება, გაეცნონ იქ არსებულ პირობებს. შესაბამის ინსტიტუტებს წვდომა უნდა ჰქონდეთ. როცა საქმე ეხება არასრულწლოვანებს, აუცილებელი არ არის, ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა და მონიტორინგის შესაძლებლობა, მაგრამ სახალხო დამცველს, სოციალურ მუშაკებს აქვთ უფლებამოსილება, მონიტორინგი განახორციელონ. დარწმუნებული ვარ, სახალხო დამცველს ამის შესაძლებლობა ექნება. პანსიონატის ხელმძღვანელობის მხრიდან სკეპტიციზმი იყო ცალკეული ინსტიტუტების მიმართ, ეს გაუგებრობა გაირკვევა და ყველას ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა “, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.