დარწმუნებული ვარ, რომ იაგო ხვიჩია „ოცნებასთან“ გარიგებული არაა – ჯაფარიძე

პუბლიკა

ახალი პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე და დამფუძნებელი, ზურა ჯაფარიძე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე – სჯერა თუ არა ჯაფარიძეს, რომ იაგო ხვიჩია „ოცნების პოზიციებიდან“ საუბრობს ან მათთან გარიგებულია? – პასუხობს:

„განსხვავებით იაგოსგან, რომელსაც გუშინ მსგავსი შეკითხვა დაუსვეს ჩემზე და თქვა, რომ არ იცის, მე ამ პასუხს არ გავექცევი და საკუთარ თავს არ ვაკადრებ, რომ ვთქვა – არ ვიცი. არა! დარწმუნებული ვარ, რომ ის არანაირად „ოცნებასთან“ გარიგებული არ არის და იმას, რასაც აკეთებს, იმის მართლა სჯერა“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემვე დასძინა, რომ რასაც ხვიჩია აკეთებს, ის შედეგის მომტანი არ იქნება, პირიქით, წამგებიანია.

„ერთ წრეზე შემოიარა ოპოზიცია და არწმუნებდა, რომ მთავარია, შევთანხმდეთ სხვა პროპორციულ, ბარიერის გარეშე არჩევნებზე. ამაზე ოპოზიცია არ დათანხმდა და არც ხელისუფლება არ წამოვიდა მეორეზე. ახლა მეორე წრეზე შემოიარა და იქნება არჩევნები ჩავატაროთ პლებისციტითო – ვერც ოპოზიცია დაითანხმა და არც „ოცნება“ მოდის ამაზე. ცხადია, შეიძლება გააგრძელო და მესამე ვერსია მოიგონო რაღაცა, მეოთხე ვერსია მოიგონო, მაგრამ ფუჭია ეს ყველაფერი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ზურა ჯაფარიძის თქმით, დღეს „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას მნიშვნელოვნად არ დათმობს, რადგან „არანაირი ზეწოლა მასზე არ არის“.

„ხელისუფლება ძალაუფლებას ტყუილად არ თმობს და ესენი, ვინც ახლა ხელისუფლებაში არიან, არ არიან „ჯორჯ ვაშინგტონები“. შესაბამისად, გასაკეთებელი სხვა რაღაცაა. ის კი არაა გასაკეთებელი, რომ ახლა რამენაირად იქნებ ოპოზიცია დავითანხმოთ და მერე იქნებ ხელისუფლება დავითანხმოთ? არა, არც ეს გამოვა და არც ის. უკვე ორჯერ გამოჩნდა, რომ ეს არ გამოდის. გასაკეთებელი არის საქმე. ხალხთან არის სამუშაო და ხალხი არის დასარწმუნებელი, რომ დედა გვაქვს ნატირები და ეს ხელისუფლება გვყავს გასაშვები. ეს მგონია მე სწორი“, – აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.


ვინ რა პოზიციაზეა ოპოზიციაში? – ამ შეკითხვაზე პასუხი აქტუალური კიდევ ერთხელ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადების შემდეგ გახდა.

„გირჩის“ იდეაა, რომ თვითმმართველობის არჩევნები მოაზრებული იყოს, როგორც ერთგვარი პლებისციტი – თუ მასში ოპოზიცია გაიმარჯვებს, 2022 წელს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

ამ საკითხის განსახილველად, პარტია „მოქალაქეები“ და „გირჩი“ ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და ახლა ორივე პარტია ამ იდეას ერთობლივ გამტარებლად მოიაზრება.

ალეკო ელისაშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ორი პარტია მოლაპარაკების გაგრძელებას სწორედ გიორგი ვაშაძესთან, შემდეგ კი „ლელოსა“ და სხვა პარტიებთან გეგმავს.

აპირებს თუ არა გიორგი ვაშაძე, შეხვდეს მათ – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აცხადებს, რომ  ნებისმიერ იდეაზე მსჯელობა უშედეგოა, თუ „ქართული ოცნება“ არ გადადგამს რამე ნაბიჯს და არ დააფიქსირებს პოზიციას, მან პროცესს „წყლის ნაყვაც“ კი უწოდა. მისივე თქმით, ნებისმიერი ასეთი საკითხი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში.

„გირჩის“ ამ იდეაზე საუბრისას ფორმატთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა ასევე „ლელოს“ წევრმა, კახა კოჟორიძემ. მისი თქმით, ინდივიდუალური შეხვედრები პარტიას სწორად არ მიაჩნია.

მეორე მხრივ, „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ამ თემაზე უსაუბრიათ როგორც „სტრატეგია აღმაშენებელთან“, ასევე „ლელოსთან“ და არცერთ მათგანს არ დაუფიქსირებია პოზიცია, რომ მის იდეას აქვს ნაკლი.

„მოქალაქების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილიც ამბობს, რომ გიორგი ვაშაძემ პოზიცია – ინდივიდუალურ კონსულტაციაზე თანხმობა – უარით შეცვალა. ელისაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია და ვერ ხსნის, რატომ მოხდა ასე. მისივე თქმით, ფაქტია, რომ ვაშაძეს ვიღაცის შეეშინდა.

პარტიის კიდევ ერთი წევრი, ლევან იოსელიანი „მთავართან“ საუბრისას ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს” ლიდერების გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას მხრიდან ხდება დანარჩენ ოპოზიციაზე ბულინგი და ზეწოლა.

„ვერავინ შეძლებს, რომ გაგვრიყოს ოპოზიციიდან, ოპოზიციის რიგებიდან გაგვრიცხოს, მით უმეტეს ის ხალხი, რომლებსაც არც მანდატი აქვს და არც მხარდაჭერა. განცხადებებს გადახედეთ, ვინც გამოდიან, ძირითადად ეს არიან „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ აღარ ვართ ოპოზიცის წევრი, ჩვენ ვართ „ქართული ოცნების“ დანამატი”, – თქვა ლევან იოსელიანმა.

„ეს ბატონები არ წარმოადგენენ ძირითადად ოპოზიციას, ესენი ახმოვანებენ „ქართულ ოცნებას“, მათი წინადადება მოვისმინეთ, მაგრამ არ გავიზიარეთ და შესაბამისად, მათთან პოლემიკას აღარ ვაპირებთ. ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ და არა იაგო-მეგრელიშვილ-ხვიჩია-იოსელიანისგან გაუგებარ წინადადებებს“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა.