დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე „ტელეკომპანია პირველთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ დიდი ალბათობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება შემოდგომის ბოლოს/ზამთრის წინა პერიოდში ან მომავალი წლის დასაწყისში.
„ვაქცინა აუცილებლად იქნება… რაც შეეხება საქართველოს – ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს… ოქსფორდის ვაქცინა ახსენეთ, რომელიც AstraZeneca-სთან ერთად კეთდება…. გვაქვს უკვე წინასწარი მოლაპარაკებები AstraZeneca-სთან. და ასევე, ჩვენ ძირითად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ვაქცინების გლობალურ ალიანსთან”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც ექნება ასეთი სახის ვაქცინა, გამყრელიძე განმარტავს, რომ გლობალური ალიანსის მიდგომა გახლავთ, ვაქცინა თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველა, განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნისათვის.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, რომელიც ძალიან კარგად თანამშრომლობს „გავის ალიანსთან“ (ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში „გავის ალიანსის“ საშუალებით 4 ახალი ვაქცინა დავნერგეთ ქვეყანაში), ვიქნებით ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს, როცა ვაქცინა მიიღებს დადასტურებას სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოდან, რომ ის არის უსაფრთხო მოსახლეობისთვის“, – აღნიშნავს გამყრელიძე.