დარწმუნებული ვარ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ერთ-ერთ ვარიანტად იქნება განხილული - ელჩი

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ Movement-თან ინტერვიუში რუსული კანონის შემდეგ მოსალოდნელ ზომებზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდებიან ივნისში და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„ჩვენ მრავალჯერ განვაცხადეთ უმაღლეს დონეზეც, მათ შორის იყო ევროპის საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, რომ ამ კანონის არსებული ფორმით მიღებას აუცილებლად მოჰყვება შედეგები.

ორშაბათს, 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე დაიწყო შედეგებზე მსჯელობა. აშშ-სგან განსხვავებით, ევროკავშირი კომპლექსურობით გამოირჩევა. ჩვენ 27 სუვერენული ქვეყანა ვართ, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ერთსულოვნად მიიღება.

ამჟამად, წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირში არსებულ ინსტიტუტებს სხვადასხვა ვარიანტის მომზადება სთხოვეს. ეს ვარიანტები განიხილება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და ისინი გადაწყვეტენ, რომელ ვარიანტს მისდიონ და როგორი რეაგირება მოაყოლონ. ამ 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ივნისში შეხვდებიან ერთმანეთს და იმედი მაქვს, გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადეს, ახლა ყველა ვერსია განხილვისთვის მზადაა. ვგულისხმობ ყველანაირ ვერსიას. მაგრამ ეს უკვე წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია, რა ზომებს გაატარებენ”, – განაცხადა მან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად რეალურია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოსთვის, ელჩი აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, ეს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.

„ჩვენ შევთანხმდით ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოსთან, გარკვეული პირობებით. ახლა კი, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, უნდა შევამოწომოთ, რამდენად მიესადაგება საქართველოს ეს პირობები კვლავ. 6 თვით შეჩერებას წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის ნახევარზე ცოტა მეტი სჭირდება.

არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის ხმა და დარწმუნებული ვარ, ეს ერთ-ერთი ვარიანტი იქნება და წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება“, – თქვა მან.