დასაბუთებული რამდენიმე ასეული საჩივრიდან, უმეტესობა ერთი და იგივე ფაქტს ეხებოდა - მდინარაძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა:

„წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, დარღვევებთან დაკავშირებით შემოვიდა მინიმალური რაოდენობის საჩივრები. საჩივრები კამპანიურად, მასობრივად იქნა შეტანილი ცესკოში მხოლოდ მას შემდეგ,  რაც არჩევნების პირველადი შედეგებით ცხადი გახდა, რომ „ქართულ ოცნებას” ამ არჩევნებში ჰქონდა აშკარა უპირატესობა.

კანონიერი პროცედურების დაცვით შედგენილი, დასაბუთებული რამდენიმე ასეული საჩივრიდან, უმეტესობა ერთი და იგივე ფაქტს ეხებოდა, უბრალოდ სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან იყო ეს საჩივრები შეტანილი.

ამ საჩივრებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა 100-მდე პრობლემატური უბანი, რის დაზუსტება და გარკვევაც ვერ მოხდა ოქმებით. ცესკომ მიიღო ამასთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება და 20-მდე, 19 დღეის მდგომარეობით ასეთი უბანი ხელახლა იქნა გადათვლილი. გადათვლის შედეგად, რომელსაც ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, არანაირი გაყალბების კვალი და არანაირი მნიშვნელოვანი დარღვევა, მითუმეტეს რასაც შეიძლებოდა უპირატესობა მიენიჭებინა მმართველი პარტიისთვის, ასეთი არ დაფიქსირებულა. 

მეტიც, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს და პარადოქსული იყოს ვიღაცის წარმოდგენაში, გადათვლის შედეგად, მცირედით გაუმჯობესდა კიდეც მმართველი პარტიის შედეგები. მე შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად ბათუმში იყო უბანი, სადაც მმართველ პარტიას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხმები დაკლებული, თუ არ ვცდები 13 ხმაზეა საუბარი.

და ამ ყველაფერს ესწრებოდნენ და ეთანხმებოდნენ პრაქტიკულად იმიტომ, რომ პრეტენზიები შიგნით, გადათვლის დროს არ განუცხადებიათ ოპოზიციის და  იმ პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც პარალელურად საოლქო კომისიების შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე მიტინგს და დესტრუქციას აწყობდნენ.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ფაქტებით დადასტურდა, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და უმრავლეს შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკური ტიპის ხარვეზებთან გვქონდა საქმე.

ამ პროცესში, ყველაზე მთავარი ის არის, რომ რადიკალური ოპოზიცია სიყალბის დასამტკიცებლად სიყალბეს იყენებს და სიყალბით ცდილობს მოგონილი სიყალბის დამტკიცებას.

ამისთვის, მიტინგების პარალელურად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ფეისბუქზე შექმნილი აქვს გვერდი, ჩვენ შეგვიძლია ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ და ამ გვერდს ჰქვია  „გაყალბებული ოქმები“,  სადაც მოქალაქეები სიყალბის გაბათილებას და არგუმენტებით კამათს ცდილობენ, თუმცა მსგავსი კომენტარები მაშინვე იშლება, რაც იმაზე მიანიშნებს,  რომ მათი ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის გავრცელება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა. ბრიფინგის შემდეგ შემიძლია, მედიას მოგაწოდოთ ე.წ ,,სქრინები“ იმასთან დაკავშირებით, როგორ იშლება ყველა არგუმენტი, რომელიც აბათილებს მათ სიცრუეს – ასეთი არის ათობით და ასობით.

აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არ არის საზოგადოებისთვის რეალური სურათის ჩვენება, სიმართლის დადგენა და არჩევნების ობიექტური შედეგის მიღება, არამედ მათი მიზანია, რომ  არჩევნები გამოიყენონ საბაბად და შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა, თითქოს რაიმე გაყალბებას ჰქონდა ადგილი და ამის საფუძველზე თავიანთი აზრით, რევოლუციური სცენარის განვითრებისთვის ქმნიან, მათი აზრით რა თქმა უნდა საფუძველს, რაც არ გამოუვათ”, – განაცხადა მდინარაძემ.