დასაფასებელია იმ პარტიების პოზიცია, რომლებიც ცესკოზე შტურმში არ მონაწილეობდნენ – კალაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა „ქართული ოცნების“ ოფისში. მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს და აღნიშნა, რომ მათ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით.

კალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა პარტიების იმ ნაწილს, რომლებმაც მისი თქმით, არ მიიღეს მონაწილეობა ცესკოზე მიტანილ ძალადობრივ შტურმში.

„ნიშანდობლივია, რომ გუშინ მომხდარ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში მონაწილეობდნენ ოპოზიციის მხოლოდ რადიკალური ფრთის წარმომადგენლები, რომელთაც ქვეყანაში სიტუაციის ესკალაცია სურთ.

დასაფასებელია იმ პარტიების პოზიცია, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება, ბოლომდე შეინარჩუნეს პროტესტის გამოხატვის მშვიდობიანი ფორმა და არ მიიღეს მონაწილეობა ცესკოზე მიტანილ ძალადობრივ შტურმში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ აყვებიან რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ რეჟიმს და მოემზადონ მეორე ტურისთვის. დესტრუქციითა და სიტუაციის ესკალაციის მცდელობით ვერავინ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევს!” – განაცხადა კალაძემ.