დასანანია, რომ სასამართლომ კვლავ ვერ შეძლო წევრების არჩევა დემოკრატიული არჩევნებით - აშშ-ის საელჩო

პუბლიკა

„დასანანია, რომ სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით“, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევას, რომლებიც  31 ოქტომბერს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე აირჩიეს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, 31 ოქტომბერს, საბჭოს 2 ახალი წევრის არჩევის დროს ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე, ხოლო მოქმედი ორი წევრის  ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი.

საელჩოს შეფასებით, პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე, თითოეულ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი.

„ვადამდელი გადადგომის შედეგად წარმოშობილი ვაკანტური პოზიციების შევსების თაობაზე განცხადება გაკეთდა მცირე ხნით ადრე. არ ყოფილა კონსულტაციების ან მონაწილეობის შესაძლებლობა ფართო სპექტრის კვალიფიციური კანდიდატებისთვის და არც სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი ჩართულობის შესაძლებლობა.

დასანანია, რომ სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატები დიდი ხანია ესწრაფვის კვალიფიციური და საქმისადმი ერთგული მოსამართლეთა კორპუსის ჩამოყალიბებას და, ამავდროულად, ისინი მოუწოდებენ მთავრობას რეფორმების განხორციელებისკენ, რომელიც იმ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების შესაძლებლობას გააჩენს.

„რეფორმებს შორისაა საკანონმდებლო ცვლილებები კორპორატივიზმის თავიდან აცილებისა და დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების უზრუნველყოფისთვის. სასამართლო სისტემის ლიდერები ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემას უსამართლოდ აკრიტიკებენ გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების, დაწინაურების ან ცვლილების არარსებობის გამო“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომელიც გაზრდის ანგარიშვალდებულებას, პროფესიონალიზმსა და გამჭვირვალობას და დაეხმარება საქართველოს, მიიღოს ისეთი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს და რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.