დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული მოქალაქეების შრომით პირობებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან დამატებითი განმარტებები გააკეთა.
მისი თქმით, გერმანიაში დასაქმებული ერთ-ერთი ჯგუფი სააგენტოს 10 მაისს დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ დამსაქმებელი არაჯეროვნად ასრულებდა კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს. ველთაური განმარტავს, რომ სააგენტომ მაშინვე აცნობა გერმანულ მხარეს, რომელმაც, თავის მხრივ, პროცესში ჩართო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები.
ის ამბობს, რომ დამსაქმებელმა სამუშაო პირობების გამოწორება უკვე დაიწყო.
„დამსაქმებელმა ჯეროვნად არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომლებიც შრომით ხელშეკრულებაში იყო. სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი დამსაქმებელი ყველგან შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა კარგია ის, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მექანიზმებს ასეთი სიტუაციების მართვისთვის. ეს მექანიზმები ამოქმედებულია და იმ სამუშაო პირობების გამოსწორება, რაც ჩვენს მოქალაქეებს ადგილზე დახვდათ, დაწყებულია.
ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ საქართველოს მოქალაქეებთან. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დამსაქმებელი არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, გერმანული მხარისგან აუცილებლად იქნება მაშინვე პროცესებში ჩართვა და ამ პროცესის მართვა“,- აცხადებს ველთაური.
შეკითხვაზე, კონკრეტულად რა გამოსწორდა დამსაქმებლის მხრიდან, ველთაური პასუხობს, რომ დამსაქმებელმა დაიწყო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რაც საქართველოს მოქალაქეებმა დაადასტურეს. კერძოდ, მისი თქმით, დამსაქმებელმა დაამატა აღჭურვილობა, შეცვალა დანადგარები, მოწყობილობები და ა.შ.
„ჩვენ დინამიკას დავაკვირდებით, თუ ბოლომდე ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ჩვენს მოქალაქეებს აუცილებლად გადავანაწილებთ სხვა დამსაქმებლებთან“, – განაცხადა მან.
გერმანიაში სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე აცხადებს, რომ უმძიმეს სამუშაო პირობებში უწევთ მუშაობა და ვერ იღებენ დაპირებულ ანაზღაურებას.