პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რესტორან „ბიეფში“ დასაქმებულ ოლიკო ესაკიას ე.წ. ხინკლის პრესის აპარატში ჩაყვა ხელი და მძიმე დაზიანება მიიღო. როგორც მოძრაობაში ამბობენ, აპარატი იყო გაფუჭებული, თუმცა მენეჯერმა დასაქმებულს მოსთხოვა გაეგრძლებინა აპარატთან მუშაობა.
„2019 წლის 9 დეკემბერს, ქალბატონი ოლიკო ესაკია გამოცხადდა სამსახურში, რესტორან ბიეფში, და იმ დღესვე შეატყობინა დამსაქმებელს, დავით მარტიაშვილს, რომ დანადგარი, რომელთანაც უნდა ემუშავა ( ე.წ „ ხინკლის პრესის აპარატი“) იყო გაუმართავი. იმავე დღეს, თვითონ მფლობელმა, გამოიძახა ხელოსანი, რათა მომხდარიყო ამ აპარატის შეკეთება. როგორც ოლიკო ესაკია იხსენებს, ხელოსანმა აპარატის შეკეთება ვერ მოახერხა მიუხედავად ამისა მენეჯერმა დასაქმებულს მოუწოდა, რომ მუშაობა გაეგრძელებინა. ოლიკო ესაკია დაემორჩილა უფროსის ბრძანებას და გააგრძელა დაზიანებულ აპარატთან მუშაობა.
10 დეკემბერს, მუშაობისას ზემოთხსენებულ აპარატში, ოლიკო ესაკიას ჩაყვა ხელი, რასაც მოყვა მისი სხეულის მძიმე დაზიანება. ექიმის განმარტებით, ამ ეტაპზე უცნობია მოახერხებს თუ არა პაციენტი ხელის თითების ჩვეულ რეჟიმში ამოძრავებას.
ოპერაციის ხარჯები და პაციენტის კუთვნილი შრომითი ანაზღაურება (ისედაც ასაღები), გაწული სამუშაოსთვის დაფარა დამსაქმებელმა, თუმცა მას შემდეგ, რაც დამსაქმებელმა შეიტყო, რომ პაციენტს სჭირდებოდა რამდენიმეთვიანი მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცედურები, ყოველგვარი კონტაქტი შეწყვიტა თანამშრომელთან. შრომის ინსპექციის ვიზიტისას გაირკვა, რომ დამსაქმებელმა ობიექტი, სადაც ინციდენტი მოხდა დახურა, “- ამბობენ პროფკავშირების ახალგაზრდულ მოძრაობაში.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, მოუწოდებს კომპანიას დაუყოვნებლივ შეასრულოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.