დასავლეთის ადგილას მეტად მოვუსმენდი ქართული საზოგადოების გულის ფეთქვას - წულუკიანი

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2-ზე”, „ღამის კურიერის“ ეთერში საერთაშორისო პარტნიორებთან მმართველი პარტიის ურთიერთობაზე ისაუბრა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ გამოსდის ოპოზიციას ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან უკეთ, ვიდრე ხელისუფლებას.

წულუკიანის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის ფორმა არის, როცა „ერთი პოლიტიკური ოჯახი საქართველოში მეგობრობს სხვა ქვეყანაში მეორე პოლიტიკურ ოჯახთან და ისინი ერთმანეთს მხარს უჭერენ”.

„იგივე ბატონი კიზინგერი და სხვები, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრებიც არიან, მაგრამ მათ სჯერათ, რომ ჯობია, ეს ხალხი [უგულავა, ოქრუაშვილი, რურუა] იყვნენ გარეთ. ქვეყნისთვის სჯობსო – ასე თქვეს სენატორებმა, კონგრესმენებმა, ევროდეპუტატებმა, რომ ქვეყნისთვის ასე სჯობს.

ერთადერთი, რაზეც მე, პროდასავლელ ქართველ იუსტიციის მინისტრს, გული მწყდება – მე საშუალო სკოლაც დასავლეთში დავამთავრე და ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას, ასე ლაღად ვისაუბრო – მე რომ ვიყო მათ ადგილას, ეჭვიც არ მეპარება, რომ მათ ჩვენი ქვეყნისთვის უნდათ საუკეთესო, მაგრამ უფრო მეტად მოვუსმენდი ქართული საზოგადოების გულის ფეთქვას.

საზოგადოებაზე ვამბობ. აი, ნებისმიერ ტაქსიში თუ ჩაბრძანდებით, ძალიან ბევრი ტაქსის მძღოლი, თუნდაც აკადემიკოსი, თუნდაც მუშა… ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები დადიან [ტაქსით], მყავს ახლობლები, მეგობრები, ყველას აზრს ვისმენ, ძალიან ბევრი აგრესია მოდის, როგორ დაუშვით მათი[უგულავა, ოქრუაშვილი] გათავისუფლება.

მე არ და ვერ წარმოვადგენ, უგულავასავით არ მგონია, რომ მე ვარ, ერთი ადამიანი, ქართველი ერი, მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც გულისტკივილი აქვს, ზოგი ამბობს: თითებს ვიჭამდი, ესენი რომ გარეთ დავინახე… ზოგი ამბობს, ჩვენ ვართ დამოუკიდებლები ამის მერე? რა უნდა ვიზეიმო 26 მაისს და აქ უკვე მივდივართ ჩვენს მოხევესთან…

ეს ყველაფერი დასანანია და გულდაწყვეტა მაქვს. ჩვენ შეიძლება, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ გარკვეულ საჭირბოროტო საკითხებზე, მაგრამ არა ისე, რომ ქართველებს თუნდაც 10 კაცი იყოს, დარჩეს განცდა, რომ ხელი ამოუგრიხეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.