„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს „მთავარ არხს“ დაეხმაროს და გადაარჩინოს:
„დასავლური ფრონტის მთავარი ხაზი ახლა „მთავარის“ ყოფნა-არყოფნაზე გადის და არა ჩემს გათავისუფლებაზე, როგორც ბევრი მცდარად მიიჩნევს. არხი უნდა გადარჩეს, სხვა გზა არ გვაქვს. არხი უნდა გადარჩეს. ამას თქვენს გასაგონად არ ვამბობ, თქვენ ამის შეხსენება არ გჭირდებათ. ამას ყველას გასაგონად ვამბობ, ვისაც არხის გადარჩენა ხელეწიფება. თუ რამე მიზნის ირგვლივ არის გაერთიანება საჭირო და აუცილებელი, ეს „მთავარი არხის“ გადარჩენაა. ძალიან გთხოვთ ყველას, დაეხმარეთ „მთავარს“. იმათაც, ვისაც პირადად ჩემი გულშემატკივრობა ამოძრავებს, ვეტყვი, რომ ამ გულშემატკივრობის მთავარი ფორმა „მთავარი არხის“ დახმარებაა.
დაეხმარეთ “მთავარს”, ამას გთხოვთ ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით. გადაარჩინეთ „მთავარი“. ამას გთხოვთ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლის სახელით. გინდა 1 ლარით, გინდა მრავალათასიანი გრანტით. გინდა ღარიბმა, გინდა მდიდარმა. გინდა ქართველმა, გინდა უცხოელმა. გინდა ადამიანმა, გინდა ორგანიზაციამ. გინდა შემოწირულობით, გინდა რეკლამით. დაეხმარეთ „მთავარ არხს“, დაეხმარეთ „მთავარს“. ჩვენს თავისუფლებას, გთხოვთ უმორჩილესად“, – წერს ნიკა გვარამია.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლით, ორ ეპიზოდში: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტლებით, სასჯელის ზომა – 3 წელი და 6 თვე, ძალაში დარჩა, თუმცა საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, საპატიმრო სასჯელი გვარამიას ერთი ეპიზოდის ნაცვლად, ორ ეპიზოდზე მიესაჯა.