„დასჭირდება ახსნა-განმარტება“ - ჯაღმაიძე სასულიერო პირზე, რომელიც ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებდა

პუბლიკა

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „პირველი არხის“ ეთერში აცხადებს, რომ სასულიერო პირი, რომელიც რუსთაველზე ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებდა, არ არის მცხეთა-თბილისის ეპარქიის წარმომადგენელი, ამიტომ „მეყსეულად არ შეუძლიათ, დღესვე მოსთხოვონ განმარტება“.

ჯაღმაიძის თქმით, უახლოეს დღეებში მიმართავენ მის მღვდელმთავარს და გაკეთდება ახსნა-განმარტებაც.

„ძალიან უადგილოდ, უდროოდ და არაკორექტულად იყო ნათქვამი მის მიერ“, – ამბობს დეკანოზი.

შეკითხვაზე, ხომ არ იქნება რეაგირება დაგვიანებული, დეკანოზი ჯაღმაიძე ამბობს, რომ სამწუხარო და შეუფერებელია ასეთი განცხადების გაკეთება და მოჰყვება ამას რეაგირება. ჯაღმაიძის თქმით, თუ გამოვლინდა სასულიერო პირებისგან ძალადობაში მონაწილეობის ფაქტები, იქნება რეაგირება. საპატრიარქოსთვის ცნობილია მხოლოდ აღნიშნული მღვდლის მიკროფონში გაკეთებული განცხადება.