დაშავდა 58 თანამშრომელი, მათ შორის 5 ამ დრომდე რჩება კლინიკაში - შსს

პუბლიკა

ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი, მათ შორის 5 ამ დრომდე რჩება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, – ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

„ყველამ კარგად ნახა, როგორ ესროდნენ ცეცხლმოკიდებულ საგნებს, პიროტექნიკას თუ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ჩემს კოლეგებს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

ასევე, ყველა მედიასაშუალების ეთერში კარგად ჩანდა, აქციის მონაწილეები როგორ ისროდნენ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის თუ რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანება”, – განაცხადა მან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, გამოძიება გრძელდება ყველა იმ პირის დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები.

შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ  7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად კი, პოლიციამ ჯამში 133 პირი დააკავა, ხოლო პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, სამართალდამცველებმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ერთი პირი.

„პოლიციის მხრიდან დაძაბული სიტუაციის განმუხტვის არაერთი მცდელობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დაიწყეს პოლიციელების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების, ქვების, ხის ძელების და სხვა საგნების სროლა.

აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დაზიანებები მიაყენეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსს, შეღებეს და დააზიანეს სახანძრო ავტომანქანა. აგრეთვე, დააზიანეს თბილისის მერიის კუთვნილი მატერიალური ქონება.

აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში ცენტრალურ გამზირსა და მის მიმდებარე სხვადასხვა ლოკაციაზე არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს, წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას და ცეცხლს უკიდებდნენ სხვადასხვა ნივთებს”, – აცხადებს შსს.