დაშავებულ მუშას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა - „ჯორჯიან მანგანეზი“

პუბლიკა

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს და ჭიათურაში, ვაკე-ტყე ოთხის მაღაროზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება.

„შემთხვევის შედეგად, მიწისქვეშა დამხმარე მტვირთავის მემანქანე 46 წლის კობა ჩაფიძე გარდაიცვალა. შემთხვევა 24 აგვისტოს „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი ფირმის „შუქრუთი +“-ის ობიექტზე მოხდა. დაშავებული საჩხერის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა, მედიკოსების განმარტებით, ინციდენტის დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და პაციენტი 26 აგვისტოს საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – წერია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, მომხდარზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს, რომელიც პაციენტისთვის მიყენებულ ზიანზე ექსპერტიზას ჩაატარებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ქვეკონტრაქტორი ფირმის ობიექტზე მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.


შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოიძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.