„დასკვნა არის ტენდენციური, სასამართლო პოლიტიკურ პროცესში შევიდა“ - ზურაბიშვილის წარმომადგენლები

პუბლიკა

„დასკვნა არის ტენდენციური, მინდა ეს პირდაპირ ვთქვა, რომ, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად, ერთი-ერთში გაიმეორა და გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები“, – ამის შესახებ ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა ისაუბრა.

კოპალეიშვილის შეფასებით, სასამართლო თავის დასკვნაში წინააღმდეგობრივ მსჯელობას ავითარებს.

„ბუნებრივია ჩვენ არ ვიზიარებთ და ვეთანხმებით საკონსიტიტუციო სასამართლოს  დასკვნას. დეტალური წაკითხვა ვერ მოხერხდა დროის სიმცირის გამო,  თუმცა გადავხედეთ ძირითად გარემოებებს და დასკვნა არის ტენდენციური, მინდა ეს პირდაპირ ვთქვა, რომ ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად, ერთი-ერთში გაიმეორა და გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები ისე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში, მხოლოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით და პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში, მთლიანად მოაქცია 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტში.

საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზეც კი არ შეიწუხა თავი, რომ გარკვეული დიფერენცირება გაეკეთებინა, თუ რა შეიძლება გაეკეთებინა პრეზიდენტს 52-ე მუხლის პირველი პუნქცია “ა” ქვეპუნქტის მიღმა და აქვს თუ არა პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში მინიმალური ურთიერთობის განხორციელების შესაძლებლობა.ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში.

საკონსტიტუციო სასამართლოდან მეტს მოველოდი, მქონდა რწმენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დადგებოდა იმაზე უფრო მაღლა, ვიდრე პოლიტიკური მდგენელია ამ საქმეში და მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას სწორედ კონსტიტუციის ნორმების სწორი განმარტების შედეგად და არა იმის შედეგად, რაც შემოგვთავაზა – მარტივი გზა, რომ ყველა საგარეო ურთიერთობის მიმართულებით პრეზიდენტის ყველა საქმიანობა, მათ შორის წერილები, სატელეფონო საუბრები და ა.შ. მოაქცია მთლიანად მთავრობის თანხმობის საჭიროების ქვეშ – რაც სრულიად წარმოუდგენელია, რომ სასამართლო საუბრობდეს იმ ენით, იმ მიზნებით, რაც ამოძრავებდათ კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს. ძალიან რთულია ჩემთვის ამის თქმა, რომ ფაქტია, რომ სასამართლოს შეეძლო მეტი სინათლე შეეტანა საქმეში,“ – ამბობს მაია კოპალეიშვილი.

თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, სასამართლო სხდომებზე პარლამენტმა ვერ წარადგინა ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც პრეზიდენტის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ხელშეშლას დაადასტურებდა.

„ძალიან ნათლად არის დადასტურებული ის, რომ პრეზიდენტის შეხვედრების შინაარსი იყო ევროპის წამყვანი ლიდერებისთვის თხოვნა მხარდაჭერისა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების. როგორც მმართველი პარტია ამბობს, მათ მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ სალომე ზურაბიშვილი გადააყენონ იმის გამო, რომ იგი ევროპელ ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვდა. ამას წყალი არ გაუვა, საპირისპიროს მამტკიცებელი არანაირი საბუთი საქმეში არ არსებობს.

ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ სამართლებრივ ჭრილში დარჩენილიყო და არ გამხდარიყო პოლიტიკური მხარე. პრეზიდენტი ჩვენ მიერ იყო წარმოდგენილი, იმისთვის, რომ საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ გადაზრდილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, სასამართლომ მაინც გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური მხარე გამხდარიყო. მას იმპიჩმენტს უწყობენ იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობდა ყველანაირი რესურსი გამოეყენებინა ქვეყნისთვის. მსოფლიოში არ არსებობს სისტემა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო ასე ბოჭავს პრეზიდენტს, ან ასე განსაზღვრავს პრეზიდენტის როლს – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იყვნენ. თამარ ჩუგოშვილი „ქართული ოცნების” სიით პარლამენტის ყოფილი დეპუტატია, მაია კოპალეიშვილი კი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.


საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და პრეზიდენტის იმპიჩმენტზე „ქართული ოცნების” მოთხოვნა დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

მერაბ ტურავას თქმით, განსხვავებული აზრი ჰქონდათ: გიორგი კვერენჩხილაძეს, ირინე იმერლიშვილს და თეიმურაზ ტუღუშს.

დასკვნა ევა გოცირიძემ მოამზადა.

მანამდე, 13 ოქტომბერს „ქართული ოცნების” წევრებმა თქვეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან იმპიჩმენტზე უარი „კითხვებს გააჩენდა”, ვინაიდან „კონსტიტუციის დარღვევა ხელის გულზე დევს”.

„ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილება 1 სექტემბერს გამოაცხადა. მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნა წარდგინება, რომელშიც მიუთითა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, როცა შეხვედრები და ვიზიტები უცხო ქვეყნის ლიდერებთან, მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გამართა.

„ქართული ოცნების” წარდგინების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტმა უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 – 100 დეპუტატის ხმაა საჭირო. ამჟამად პარლამენტში უმრავლესობას 82 დეპუტატი ჰყავს და იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების რაოდენობა არ აქვს. 

კონსტიტუციაში წერია, რომ  საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. 

6 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შემთხვევაში ახალი პრეზიდენტის არჩევა მოქმედი პარლამენტის პირობებში მოხდება და მას 300 ადამიანისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს.