დასკვნის მომზადების შემდეგ მხარეებს შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს - ბრეგაძე სააკაშვილზე

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების მოთხოვნით დაცვის მხარემ სასამართლომ უნდა მიმართოს.

მინისტრის შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სპეკულაცია არაეთიკურია.

„როგორც მოგეხსენებათ, ცენტრი „ემპათიის“ დასკვნა არავის უნახავს, ბუნებაში არ არსებობს ეს დასკვნა. მას შემდეგ, როდესაც ეს დასკვნა იარსებებს, მე ეს მრავალჯერ ვთქვი, ახლაც გავიმეორებ – მხარეებს შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს.

იმისთვის, რომ პირმა დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, მისი სასჯელი უნდა იყოს გადავადებული ან უნდა იყოს გათავისუფლებული. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც საქართველოში არის დამოუკიდებელი და ბუნებრივია, ყველანი ვალდებული ვართ, როგორც ქართველები, ასევე ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც არაა საქართველოს მოქალაქე, პატივი სცეს კონსტიტუციურ წესრიგს“, – განაცხადა მინისტრმა.

„პუბლიკა“ გუშინ დაუკავშირდა ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს, რომელმაც გვითხრა, რომ დასკვნა ჯერ მზად არ არის, მომზადების შემდეგ კი ის გადაეგზავნება სასამართლოს.

მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, სააკაშვილის მონახულებას დღეს ბრიტანელი ექსპერტი კორნელიუს კატონა გეგმავს, რომელიც მას ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებს.