დასკვნითი სიტყვა და ახალი გარემოება ზინოვკინა-გრიბულის საქმეში

პუბლიკა

„ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და მიზანმიმართულად „შეკერილი საქმეა“, – აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმეზე ადვოკატებმა შოთა თუთბერიძემ და დარია სამოდუროვამ დასკვნით სიტყვა თქვეს.

„პატივცემულო მოსამართლევ, ახლა მიმოვიხილოთ ის მტკიცებულებები, რაც ამ საქმეში არ არის”, – ამბობს თუთბერიძე. 

„არ არის, თუმცა, პატივცემულო მოსამართლევ, მე მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენ ისინი დაინახოთ. დაინახოთ იმიტომ, რომ ეს მტკიცებულებები საქმეში თქვენ გამო არ არის, ბრალდების მხარის გამო არ არის.

თქვენ გამო იმიტომ, რომ პოლიციის ფორმიანებმა იციან, რომ სასამართლო სამართალს კი არა, მხოლოდ ნაკერი საქმეების სისქეს მიაქცევს ყურადღებას. იმიტომ, რომ თქვენ არ მიეცით ამ უდანაშაულო ადამიანებს საშუალება, დაეცვათ თავი და წარმოედგინათ მტკიცებულებები. მაგალითად:

  1. ამ საქმეში არ არის ვიდეოკადრები, რომელიც იმ სუპერმარკეტის კამერებმა გადაიღეს, სადაც მათ მიმართ ეს საშინელი შურისძიება განხორციელდა. როცა სათათბიროდ გაბრძანდებით, თქვენ ეს ვიდეოკადრები უნდა ნახოთ.
  2. ამ საქმეში არ არის ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებები – ისინი იქ ნამდვილად იყვნენ. თქვენ ეს ჩვენებები უნდა გაიგოთ.
  3. ამ საქმეში არ არის შეშინებული ტაქსის მძღოლის ჩვენება და სინდისის პატიმრების გადაადგილების მარშუტები – თქვენ ამას უნდა ხედავდეთ;
  4. ამ საქმეში არ არის ბინის ჩხრეკის დროს, ბინაში შესვლისა და ნარკოტიკების დადების კადრები – თქვენ ამ კადრებს გონებაში უნდა ატრიალებდეთ.
  5. ამ საქმეში არ არის ობიექტურ მოწმეთა ჩვენებები – თქვენ ამ ჩვენებებს უნდა კითხულობდეთ.

თუთბერიძე დამატებით აღნიშნავს, რომ ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებები, ვინც ვიდეოკამერით სცადა გადაღება, პოლიციელებმა იქიდან გააგდეს”.

„ამ საქმეში არ არის ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებები, ვინც, მათ შორის, ვიდეოკამერით სცადა გადაღება და ვინც პოლიციელებმა იქიდან გააგდეს. მობილურით იღებდნენ და პოლიციელებმა ისინი გააძევეს. დაცვის მხარემ ყველა შესაძლო მექანიზმი ამოწურა ამ ადამიანების საპოვნელად. საბოლოო ჯამში ჩვენ, დაცვის მხარემ, ისე, რომ თანხა არ გვქონდა, ფულადი ჯილდო გამოვაცხადეთ, რომ იქნებ, გავრცელდეს ხმა და გამოჩნდეს ადამიანი. სამწუხაროდ, ვერ ვიპოვეთ, იმიტომ, რომ პოლიციამ ადგილიდან გააგდო მოწმეები. გააგდეს ერთი ქალბატონი პატარა ბავშვით, რომელიც ვიდეოზე აფიქსირებდა ამ ფაქტს და უთხრეს, რომ წადიო… თქვენ, პატივცემულო მოსამართლევ, იცით, რომ ადგილზე მოწმეები იყვნენ. მე მჯერა, რომ ეს იცით და როცა გახვალთ სათათბიროდ, უნდა გაიაზროთ, რომ ამ მოწმეების ჩვენებები სადღაც არსებობს და შინაარსი უნდა გაიგოთ ამ მოწმეების ჩვენებების…”, – განაცხადა თუთბერიძემ.

ბინის ჩხრეკა

ადვოკატებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ბინის ჩხრეკის გარემოებას.

აღსანიშნავია, რომ პირადი ჩხრეკისა და დაკავების ვიდეოკადრები არც ზინოვკინა-გრიბულის საქმეში არაა, რაც შეეხება ბინის ჩხრეკას, საქმეში წარმოდგენილია ბინის ჩხრეკის ვიდეო. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ვიდეო ზედაპირულია, რომ ვიდეოგადაღება არ იწყება ბინაში შესვლისთანავე. დაცვის მხარე უნდობლობას უცხადეს ბინის მეპატრონის ჩვენებეს, რომელიც ჩხრეკას ესწრებოდა:

„ვიდეო გადაღება იწყება არა სადარბაზოდან, არამედ ბინის მისაღები ოთახიდან… ჩხრეკა მიმდინარეობდა ზედაპირულად. არ იქნა შემოწმებული კარადების ზედა თაროები, ზერელედ დათვალიერდა სამზარეულო. ბინას აქვს 5 აივანი და არც ერთი მათგანი არ იქნა დათვალიერებული. შემოსასვლელი ოთახის დათვალიერებისას საკიდიდან ჩამოხსნეს ის ნაცრისფერი ქურთუკი, რომელზეც ბ.ლებანიძე და ი.მუხადგვერდელი ამბობდნენ, რომ არტემს ეცვა დაკავების დღეს.

ბინის ჩხრეკა იმდენად ზედაპირულია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ბინაში ვერ იპოვეს 2 დიდი კატა. შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს პოლიციისთვის ცნობილი იყო, სად იდო ის, რასაც ვითომ ეძებდნენ”, – ამბობს დარია სამოდუროვა.

„არ დაგვავიწყდეს, ამ უნიჭო არტისტებმა კატები ხომ ვერ იპოვეს, მაგრამ აივანზე გასვლაც დაავიწყდათ. როგორც ერთ-ერთმა პოლიციელმა აღნიშნა, უკვე ნაპოვნი ჰქონდათ ნარკოტიკი და, ამიტომაც. ცხადია, რომ ეს ვიდეო-სპექტაკლი გასაზიარებელი მტკიცებულება არ გახლავთ…”, – ამბობს თუთბერიძე.

ახალი გარემოება ბინის ჩხრეკის ვიდეოზე

დარია სამოდუროვა ამბობს იმასაც, რომ ბინის ჩხრეკის დროს ვიდეოზე ერთ მომენტში დასტურდება, რომ სახლში დამატებით კიდევ ერთი ადამიანი იმყოფება.

როგორც აღნიშნა, რომ ჩხრეკის ოქმით, ბინაში იმყოფებოდნენ პოლიცელები: გიორგი იმერლიშვილი, ზურაბ ტურიაშვილი, მირზა ჯაფარიძე და დავით ახალაძე. ასევე, ბინის მეპატრონე – ეკა გოგისვანიძე.

საქმეში ასეა, რომ ზურაბ ტურიაშვილი და გიორგი იმერლიშვილი ჩხრეკენ ბინას, მირზა ჯაფარიძე ავსებს ოქმს, დავით ახალაძე ვიდეოს იღებს, ეკა გოგისვანიძე აკვირდება ჩხრეკის მიმდინარეობას.

„საძინებლის ჩხრეკის დასრულების შემდეგ ზურაბ ტურიაშვილმა დაეხმარა მირზა ჯაფარიძეს ამოღებული ნივთების მაგიდაზე გადმოტანაში, მირზა ჯაფარიძე დაჯდა მაგიდასთან. ზურაბ ტურიაშვილს დავით ახალაძე მოუწოდებს აბაზანისკენ, ეკა გოგისვანიძე წავიდა აბაზანისკენ მას, უკან მიჰყვა გიორგი იმერლიშვილი, დავით ახალაძე და ზურაბ ტურიაშვილი. აბაზანის კარი დახვდათ შიგნიდან ჩაკეტილი. ვიდეოზე ჩანს, როგორ იღება კარის საკეტი აბაზანის შიგნიდან და დავით ახალაძემ მიატრიალა კამერა ისე, რომ არ დაგვენახა ვინ გამოვიდა აბაზანიდან. ფაქტია, მანამდე კამერაზე ჩანან მირზა ჯაფარიძე, ზურაბ ტურიაშვილი, ეკა გოგისვანიძეც და გიორგი იმერლიშვილიც. ოქმში ფიქსირებულთაგან არცერთი არ იმყოფებოდა აბაზანაში”, – ამბობს სამოდუროვა.

დაცვის მხარე აღნიშნავს, მათ შორის ეს გარემოებაც არის დადასტურება იმისა, რასაც ამ ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რომ პოლიციელებს ბინაშიც შეეძლოთ ნარკოტიკის ჩადება, ისე, რომ ეს ვიდეოზე არ ასახულიყო.

დაცვის მხარე ამბობს, რომ აღნიშნული გარემოება ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველს ქმნის.

ე.წ. ნეიტრალური მოწმეები

ადვოკატები ამბობენ, რომ ბინის მეპატრონე, ასევე პირად ჩხრეკაზე მყოფი თარჯიმნები – შორენა ტაბატაძე და ანაიდა საფარიანი არ შეიძლება ჩაითვალონ ნეიტრალურ მოწმეებად.

„საინტერესოდ გადმოსცემენ დეტექტივები, გამომძიებლები და თარჯიმნები, იმას თუ როგორ აღმოჩნდნენ ბუდაპეშტის N48-ის მიმდებარედ.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო იმ დამთხვევათა კასკადი, რომელიც იკვეთება მოწმეთა ჩვენებებიდან. სახელდობრ, ცკპდ-ს დეტექტივები ლუკა ფოლადაშვილი, ირაკლი მუხადგვერდელი და თამარ ძნელაძე იმყოფებოდნენ ცინცაძის ქუჩაზე. თარჯიმნები ანაიდა საფარიანი, შორენა ტაბატაძე გამომძიებლებთან, ემილ კუპრავასა და ბაქარ ლებანიძესთან ერთად ვაჟა ფშაველას გამზირზე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ლობიანებს მიირთმევდნენ. უცნაური დამთხვევაა, რომ საქმეში მონაწილე ყველა პირი, ფაქტობრივად, მეზობელ ქუჩებზე იმყოფებოდნენ…”, – ამბობს დარია სამოდუროვა.

მისი თქმით, თარჯიმანი ვერ მიიჩნევა ნეიტრალურ მოწმედ შემდეგ გარემოებათა გამო:

  1. საქმეში არ გვაქვს თარჯიმნის, განზრახ არასწორი/არასრული თარგმნისთვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილების ოქმი.
  2. საქმეში არ გვაქვს რუსული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
  3. საქმეში არ გვაქვს შორენა ტაბატაძესა, ანაიდა საფარიანს და შპს „ინტელექტმარკეტს“ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება.
  4. საქმეში არ დევს ცკპდ-ს მიმართვა შპს „ინტელექტმარკეტს“ თარჯიმნის მოთხოვნის თაობაზე.
  5. ვინაიდან ბრალდებულები არ ფლობენ ქართულ ენას თარჯიმნის მოწვევის აუცილებლობა დადგა, შესაბამისად თარჯიმნად მიიყვანეს დაახლოებული პირები, რომელიც თვალს დახუჭავდა სამართალდამცველების უკანონო ქმედებებზე.
  6. შორენა ტაბატაძე, ღიად გამოხატავს თავის სიმპათიას ცკპდ-ს თანამშრომლების მიმართ.