„20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა და დეესკალაციის უზრუნველსაყოფად არ გამოიყენა კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობას“, – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
საია აღნიშნავს, რომ ანგარიშში შეფასებულია – 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა და პროპორციულობა; არასათანადო მოპყრობის ფაქტები; ჟურნალისტთა წინააღმდეგ ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები. ანგარიშში ასევე შეფასებულია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და სასამართლოებში სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის პრაქტიკა.
საია მიიჩნევს, რომ:
-
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძირითადად, გამოიყენა უკანონო და არაპროპორციული ძალა.
-
ცრემლმდენი გაზის პარალელურად, შსს-მ უკანონოდ დაიწყო აქციის მონაწილეთა მიმართულებით რეზინის ტყვიების სროლა.
-
სავარაუდოდ, რეზინის ტყვიების გამოყენება ხდებოდა ფართო დისკრეციის პირობებში, წინასწარი თანხმობისა და ინსტრუქციის გარეშე, რაც აღნიშნული ქმედების უკანონობის კიდევ ერთ საფუძველზე მიუთითებს.
-
რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა იმ პირების მიმართ, ვისი მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა.
-
ასევე დასტურდება, რომ სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს ახლო მანძილიდან და სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ;
საია აღნიშნულ ანგარიშში წერს, რომ ასევე დაირღვა მედიის წარმომადგენლების უფლებები.
„ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენელთა უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების, საკუთრების უფლების დარღვევის მძიმე შემთხვევებს, ასევე, ჟურნალისტთათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს“.
საიას ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალური პროკურატურა, მათ შორის, სწავლობს ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ დარღვევებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას ბრალი არცერთი პირისთვის არ წარუდგენია.
გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებული 20-21 ივნისს შსს-მ მასობრივად გამოიყენა ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკა (342 ადამიანი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს სახელმწიფო მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვის ინსტრუმენტად ინარჩუნებს.
წაიკითხეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული ანგარიში ვრცლად.