დათა ვანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა – ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ მის მეუღლეზე, ვალია ვანიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოხუცი ცოლ-ქმარი ხურვალეთში, ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხოვრობს. დათა ვანიშვილი, როგორც თავად აღნიშნავს, 88 წლის არის. მისი მხნეობისა და გამძლეობის თაობაზე კარგადაა ცნობილი როგორც ახლობლებისთვის, ისე რუსული ოკუპაციის საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისთვის საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთაც.
თუმცა ბოლო ორი კვირა დათა პაპასთვის მძიმეა. ამ დროისთვის მას ფილტვების ანთება აქვს. ოჯახს ექიმები ზოგჯერ ცხინვალიდან სტუმრობენ, ზოგჯერ კი კონსულტაცია ახალგორის ამბულატორიასთან მიმდინარეობს. საქართველოს კონტროლირებული ტერიტორიიდან მოხუცს ვერ ეხმარებიან.
მშობლების მონახულებას ხურვალეთში ვერ ახერხებს ვერც დათა ვანიშვილის ქალიშვილი, რომელიც მიმდებარე სოფელში ცხოვრობს. ჩვენთან საუბრისას ნანა ვანიშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ „მარშუტკას“ თუ გაჰყვება, ასე შეუძლია „შეპარვა“ ხურვალეთში. სხვა მხრივ, ამის უფლებას მას არც ქართველი სამართალდამცავები აძლევენ და არც რუსი მესაზღვრეები.
„ეშინიათ, რომ მამაჩემის სახლში არ შევიპარო და ამიტომ არ მიშვებენ. არადა, რამით ხომ უნდა მივხედო ჩემ მშობლებს. მეც არაფერი მაქვს, მაგრამ სულ მცირეოდენს მაინც წავუღებ, ან წამალს მივაწვდი“. ნანა ვანიშვილს მშობლების მონახულება ეკრძალება, რადგან ამით საფრთხეს თავის თავს, მართლაც, შეუქმნის. როგორც კი ნანა ვანიშვნილს რუსი მესაზღვრეები დათას სახლში დააფიქსირებენ, მას ცხინვალის ციხეში უკრავენ თავს. ქართველი სამართალდამცავები ამგვარი შემთხვევის პრევენციას იმით ცდილობენ, რომ ნანას, უბრალოდ, მშობლების მონახულება აქვს აკრძალული.
დათა ვანიშვილის მეუღლე ვალია ვანიშვილი ამბობს: „დათა ძალიან ცუდად არის. დღესაც იყო ექიმი ცხინვალიდან. ფილტვების ანთება აქვს. ნემსები გაუკეთეს ახლა. წნევა არა აქვს, არც სიცხე, მაგრამ მუხლები სტკივა და ფეხზე ვეღარ დგება. სიცოცხლე აღარ მინდა. ამ კაცს რომ რამე მოუვიდეს, რა უნდა გავაკეთო, ან როგორ დავმარხო, ან რა ვქნა?“
საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფი მოხუცები ურთულეს მდგომარეობაში არიან. ერთადერთი ადამიანი, ვინც მათზე ზრუნვას ახერხებდა, შვილიშვილი, მალხაზ (მახო) ვანიშვილი-ქურთაევია. თუმცა, როგორც ვალია ბებო ამბობს, „ამჟამად ის დაკავებულია და ახალგორში ჰყავთ.“
მალხაზ ვანიშვილი და მისი 8 თვის მეუღლე, თათია ადიკაშვილი დათა პაპას სახლში იმყოფებოდნენ, მაგრამ რუსი მესაზღვრეებისთვის ეს კანონდარღვევად მიიჩნევა, ამიტომ ორივე დააკავეს. მალხაზი ახალგორში გადაიყვანეს, მისი მეუღლე კი წითელ ჯვარს ოძისის გამშვები პუნქტიდან 17 დეკემბერს გამოაყვანინეს. მალხაზის ერთადერთი დანაშაული ის გახლავთ, რომ ის ბებიასა და პაპაზე ზრუნავს.
„ზაფხულში მანდეთ იყო მახო, ცოლის მშობლების ოჯახში. შემდეგ, ავად რომ გავხდით, ჩვენს მოსავლელად გადმოვიდნენ და დააკავეს. ტირის, ტირის, მახო, აღარ იცის, რა ქნას, რომ არ წავიდეს, დაიჭერენ და 6 წელს მიუსჯიან. ჩვენთან წინაგარის საბჭო იყო მოსული და გვითხრა, ოთხ დღეში მოვიყვანთ მახოსო, მაგრამ ორჯონიკიძეში უნდა წავიდეს, თორემ დავაკავებთო. მახოს დედა ორჯონიკიძეში ცხოვრობს. თურმე, მახო თავს იკლავდა და ყარაულები დაუყენეს,“ – ეუბნება „ამერიკის ხმას“ ვალია ვანიშვილი.
მალხაზ ვანიშვილი რთული არჩევანის წინაშე დგას. ის იძულებულია, რვა თვის ფეხმძიმე ცოლი ხურვალეთში დატოვოს, მოხუცი და მის მოვლაზე დამოკიდებული ბებია-პაპა კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და თვითონ ვლადიკავკაზში წავიდეს. ეს ერთადერთი არჩევანია, რასაც დე-ფაქტო რეჟიმი მალხაზ ვანიშვილს სთავაზობს. ვალია ბებოს ვეკითხებით, თქვენ როგორ უნდა იცხოვროთ, მახოს გარეშე? მისი პასუხი ასეთია: „რომ არ წავიდეს, დაიჭერენ და რა ვქნათ?“
ვალია ვანიშვილს თავადაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მოხუცი მეუღლის დამოუკიდებლად მოვლას ვერ ახერხებს. „ორივე თვალზე მაქვს ოპერაცია გაკეთებული, მხედველობა მიჭირს, ერთი თვალი ისევ მტკივა“, – ამბობს ვალია.
მოხუცებმა გათბობისთვის შეშა ზოგი თვითონ იყიდეს, ზოგი კი ცხინვალიდან გამოუგზავნეს. იმის გამო, რომ გადაადგილებას ვერ ახერხებენ, სამი თვის პენსია და სოციალური დახმარების თანხა ჯერაც ასაღები აქვთ. „კაპიკი ფული არ გვაქვს, რომ წამლები ვიყიდოთ. ნანასაც (ვანიშვნილების ქალიშვილს) არ უშვებენ რუსები. ახლაც ჩვენს ეზოში დადიან. გაივლიან-გამოივლიან“, – წუხს მოხუცი.
ჟურნალისტები დათა პაპას მონახულებას ხურვალეთში, რა ხანია, ცდილობენ, თუმცა ისიც მოცემულობა გახლავთ, რომ საქართველოს კონტროლირებული ტერიტორიიდან მავთულხლართებთან გამართული შეხვედრების შემდგომ დათა პაპას და მის ოჯახს რუს მესაზღვრეებთან უწევს „თავის მართლება“. რამდენჯერმე დათა დააკავეს და ცხინვალშიც გადაიყვანეს.
ამდენად, დათა ვანიშვილისთვის იოლი საქმე სულად არაა კამერების წინაშე გამოჩენა, თუმცა, ამავდროულად, არც საზოგადოებრივი სივრციდან დათა პაპას გაუჩინარებას მოაქვს სასიკეთო შედეგი მისთვის. ვანიშვილების ოჯახი ხურვალეთში ამჯამად ურთულესი სოციალურ-პოლიტიკური და სამართლებრივ გამოწვევების წინაშე დგას.