დათუნაშვილი BBC-ის სტატიაზე: საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან, რომელიც უტოლდება 9 აპრილის ტრაგედიას

პუბლიკა

„ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი ეხმაურება BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას და აცხადებს, რომ „ივანიშვილის რეჟიმის“ წინააღმდეგ ახალი საერთაშორისო მასშტაბის დავის საფუძველი გაჩნდება, თუ დადასტურდა, რომ ყველაფერი, რაც ამ ფილმშია ნათქვამი, მართალია.

BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი გამოიყენეს. ის წყლის ჭავლში იყო შერეული.

„ქიმიური იარაღის გამოყენება მოქალაქეების წინააღმდეგ არის კაცობრიობის წინაშე დანაშაული. რეალურად ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ახალი საერთაშორისო მასშტაბის დავის საფუძველი გაჩნდა, BBC-ის დოკუმენტური ფილმიდან, თუ დადასტურდა, რომ ყველაფერი რაც ამ ფილმში ნათქვმია ქიმიურ შემოდგენლობასთან დაკავშირებით, რაც მომიტინგეების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული, მართალია. და რთულია, პირდაპირ ვთქვათ, BBC-ის დამაჯერებობაში ეჭვის შეტანა.

რაც არ უნდა თქვას დღევანდელმა რუსულმა პროპაგანდამ, ის იმდენად რთული დანაშაულია, რომ ამ დანაშაულის მოკვლევაში სასწრაფოდ და აუცილებლად უნდა იქნას ჩართული ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია. სახეზეა კონვენციის ხელმომწერი ქვეყნის მიერ, კონვენციის უხეში დარღვევა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ასეთი რამ, შეგახსენებთ, რომ ბოლოს ჩვენს ქვეყანაში მოხდა 1989 წლის 9 აპრილს, როცა რუსეთის ჯარმა აკრძალული ქიმიური შემადგენლობა გამოიყენა და როდიონოვის ხელმძღვანელობით საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა.

ეს კიდევ ერთხელ, ყველაზე ნათლად და პირდაპირ ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს რუსული ტიპის მკვლელ პოლიტიკურ რეჟიმთან. რომ საქმე გვაქვს საკუთარი შეუიარაღებელი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღს გამოიყენებენ მონსტრებთან. ჩვენ ვცხოვრობთ ბოროტი დიქტატურის ქვეშ, რომელშიც საკუთარ ხალხს ტერორისტულ აქტებს უწყობს ხელისუფლება. დიახ, ეს არის ტერორისტული აქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, თუ ამ ქიმიური შემადგენლობის გამოყენება საბოლოოდ დადასტურდა.

ივანიშვილის მეთოდები ამ შემთხვევაში, პირდაპირ ნაკარნახევია მოსკოვიდან, რუსული მოდელიდან. ის იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იგივე ბრძოლის ფორმებსა და იარაღებს, როგორც ამას იყენებდა ჩვენ წინააღმდეგ ოკუპანტი და როგორც ახლა ის იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. რა პროპაგანდასაც არ უნდა დავუჯეროთ, როგორც შეიძლება არ მოგწონდეთ დღეს მე ან ვინმე სხვა, ეს ყველაფერი გვერდით გადასადებია, რადგან საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან საკუთარი მოქალაქეების წინაშე. უმძიმეს დანაშაულთან, რომელიც უტოლდება 9 აპრილის ტრაგედიას. ეს იარაღი არათუ სამოქალაქო პირებზე, არამედ დღეის მდგომარეობით, სამხედრო მოქმედებებშიც კი აკრძალული იარაღია, ის ქიმიური შემადგენლობა, რომელზეც ლაპარაკი იყო ამ დოკუმენტურ ფილმში. ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური რეჟიმის პასუხი, ეს უკვე არის ჩვეულებრივი არაადამიანური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ“, – თქვა დათუნაშვილმა.