„დაუცველი ჰიგიენური ნორმები, დაზიანებული ავეჯი" - რა პირობებია ხანდაზმულთა კერძო სახლებში

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2023 წელს ბოლნისში, ქარელში, გორსა და თბილისში მდებარე ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში მონიტორინგი ჩაატარა.

აპარატის ცნობით, მონიტორინგმა რამდენიმე ძირითადი და მნიშვნელოვანი პრობლემა გამოავლინა – კერძოდ, განსაკუთრებით მწვავედ დგას სახელმწიფოს არაინფორმირებულობა ქვეყანაში კერძო დაფინანსებით მოქმედ ხანდაზმულთა დაწესებულებების შესახებ.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ასეთი დაწესებულების საქმიანობისათვის დადგენილი სამართლებრივი სტანდარტები და ისინი არ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. დაწესებულებების ხელმძღვანელებს კი არ აქვთ ინფორმაცია ხანდაზმულ პირებზე ზრუნვის დადგენილი მინიმალური სტანდარტების თაობაზე”, – აღნიშნავენ დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, შესწავლამ აჩვენა, რომ ხანდაზმულ პირთა უფლებები უკვე პანსიონატში ჩარიცხვის პროცედურიდან ირღვევა – კერძოდ, ჩარიცხვის შესახებ განცხადებაში არ არის მკაფიოდ გამოხატული ხანდაზმულის ნება და ხშირად, მის ნაცვლად განცხადებას ხელს ხანდაზმულის ოჯახის წევრი აწერს.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ნაწილს, აპარატში აღნიშნავენ, რომ დაწესებულებების ნაწილი არ არის კეთილმოწყობილი და ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარიულ, ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.

„მათზე ზრუნვა, ძირითადად, ჰიგიენური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით ამოიწურება, რაც ზრუნვის მინიმალურ მოთხოვნებსაც არ შეესაბამება. ხანდაზმულები ხშირად დისკრიმინაციულ, ღირსების შემლახველ მდგომარეობაში იმყოფებიან და უმეტესობამ არაფერი იცის საკუთარი უფლებების შესახებ. დაწესებულებებში უგულებელყოფილია ჯანმრთელობის დაცვა; დარღვეულია კვების სტანდარტი. მენიუს შემადგენლობა ღარიბი, არასრულფასოვანი და ერთფეროვანია”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამასთან, მონიტორინგის ზოგადი სურათი აჩვენებს, რომ სერვისებში არ არის გათვალისწინებული ხანდაზმული ასაკის ბენეფიციართა ემოციური მოწყვლადობა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას არ ექცევა სათანადო ყურადღება – ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ეს იმ ფონზე, როცა დიდია ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ბენეფიციართა რაოდენობა.

ანგარიშის თანახმად, გამოიკვეთა დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციასთან და შრომით უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევებიც.

„მზრუნველებს არ აქვთ სპეციალური ცოდნა ხანდაზმულთა მოვლისა და ზრუნვის საჭიროებების შესახებ და არც პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვთ. ამასთან, დარღვეულია ბენეფიციართა განაწილების სტანდარტები, რაც ზოგიერთი თანამშრომლის ზედმეტ გადატვირთვას იწვევს”, – აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ როგორც ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები ადასტურებს, საჭიროა ომბუდსმენის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესრულება, კერძოდ:

  • ყველა სამართლებრივი ფორმისა და დაფინანსების მქონე ხანდაზმულთა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის უნდა არსებობდეს ერთიანი სახელმწიფო ზრუნვის სტანდარტები;
  • აუცილებელია მათ შესრულებაზე ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმის შექმნა.

რაც შეეხება ცალკეული დაწესებულებების მონიტორინგის შედეგებს, ომბუდსმენის აპარატმა შეისწავლა ხანდაზმულთა სახლი, „შენი თბილი კერა”, რომელიც კერძო დაწესებულებაა და იქ სახელმწიფოს მხრიდან არასდროს ჩატარებულა მონიტორინგი. აღნიშნულ ხანდაზმულთა სახლში ბენეფიციარები ცხოვრობენ თავიანთი ან ოჯახის წევრების დაფინანსებით.

მონიტორინგის შედეგების თანახმად:

  • დაწესებულება განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, სასტუმროს მომიჯნავე სივრცეში – შესაბამისად, ინფრასტრუქტურულად არ არის გათვლილი ხანდაზმულთა ადეკვატურად მოვლის სტანდარტებზე;
  • ოთახების ფართობი იმდენად მცირეა, რომ ეტლით შეუძლებელი ხდება საპირფარეშოში ან საშხაპეში შესვლა – მეტიც, თავად ოთახებშიც, სივიწროვის გამო, შეუძლებელია ეტლით გადაადგილება;
  • ბენეფიციართა საწოლები არ არის გათვლილი მწოლიარე ხანდაზმულებზე – დაწესებულების ავეჯი სიძველისგან დაზიანებულია. სამზარეულოს ავეჯი და ტექნიკა მოძველებულია;
  • დაწესებულებაში ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფებიან.

„მონიტორინგის დღეს, მთელ შენობაში, მათ შორის, დერეფანსა და საძინებელ ოთახებში, იგრძნობოდა მძაფრი, არასასიამოვნო სუნი. არ იყო სათანადოდ დაცული ელემენტარული ჰიგიენური ნორმები და ხანდაზმულები მოუვლელები იყვნენ.

დაწესებულებაში არ იყო უზრუნველყოფილი პირადი ჰიგიენის საშუალებები და ხანდაზმულთა მხარდაჭერა პირადი ჰიგიენის დაცვაში. რამდენიმე ბენეფიციარს ჰქონდა დასაჭრელი და ჭუჭყიანი ფრჩხილები”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამასთან, ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, მონიტორინგით გამოვლინდა, რომ დაწესებულებას არ გააჩნია პროდუქტების საწყობი/სამარაგო სივრცე, საკვები პროდუქტები განთავსებულია დირექტორის კაბინეტში უწესრიგოდ, დასუფთავების საშუალებებთან, მედიკამენტებთან, თეთრეულთან, პამპერსებთან და ეტლებთან ერთად.

მათივე განცხადებით, მენიუს შედგენის დროს არ არის გათვალისწინებული ხანდაზმულთა განსაკუთრებული კვებითი საჭიროებები – დაწესებულებისთვის ქველმოქმედების სახით მიღებული პროდუქციის ან მზა საჭმელების მიხედვით, დამფუძნებელი ყოველი დღის საკვების მენიუს თავად ადგენს.

„ბენეფიციარები ტელევიზორს საკუთარი სახსრებით ყიდულობენ, ზოგჯერ კი, ბენეფიციარი ტელევიზორის გარეშეც რჩება. ერთ-ერთი ბენეფიციარის თქმით, შვილის ნაყიდი ტელევიზორი დაუზიანდა, მის შეკეთებას ვერ ახერხებს, ახლის ყიდვის მატერიალური რესურსები არ აქვს და არ იცის, ვის სთხოვოს დახმარება”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ხანდაზმულთა სახლი „თბილი კერა“

სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, რომ ამ შემთხვევაშიც ირღვევა ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები –  ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, პანსიონატი არის სუფთა და მოვლილ მდგომარეობაში, რამდენიმე ოთახში აშკარად იგრძნობოდა შარდის სუნი.

ამასთან:

  • ყველა ოთახი არის მცირე ზომის და საწოლებს შორის, ბენეფიციართა ეტლით გადაადგილება, ფაქტობრივად შეუძლებელია;
  • შენობა ინფრასტრუქტურულად გაუმართავია, ასასვლელ კიბეებს არ აქვს პანდუსი და არც ლიფტით არის აღჭურვილი – შესაბამისად, ვერ ხერხდება ხანდაზმულთა გაყვანა ეზოში სუფთა ჰაერზე.
  • არ არის წახალისებული გადაადგილების უნარის მქონე ბენეფიციართა ფიზიკური აქტივობა, არცერთი საწოლი არ არის გათვლილი მწოლიარე ბენეფიციარზე;
  • პანსიონატის ოთახებს არ აქვს ჰაერის კონდიცირების ავტონომიური საშუალება.

ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს პერსონალი ეუბნება, რომ თეთრეულს 3-4 დღეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ უცვლიან – დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თეთრეულზე შეინიშნებოდა ლაქები.

ბენეფიციართა დღიური კვება სამჯერადია – თუმცა მონიტორინგით გამოვლინდა, რომ დაწესებულებას არ ჰყავს მზარეული, საკვებს ამზადებს დაწესებულების ხელმძღვანელი, ამასთან, არ არის შედგენილი დღიური საკვების მენიუ.

„სამზარეულო სუფთაა, თუმცა ვიწრო, შენობაში არ არის სასადილო სივრცე, შესაბამისად, ბენეფიციარები თავიანთ ოთახებში იკვებებიან.

დაწესებულებაში ჰყავთ 1 დიაბეტით დაავადებული ბენეფიციარი, ინსულინდამოკიდებული, თუმცა, ხელმძღვანელის განცხადებით, ისინიც სტანდარტულ კვებით რეჟიმზე იმყოფებიან.

ხორცეული და სხვა სახის პროდუქტები, საკმაო ოდენობით ინახებოდა საყინულე მაცივარში, თუმცა პროდუქტებს თან არ ახლდა ვარგისიანობის აღმნიშვნელი ინფორმაცია”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, რომ დათვალიერების შედეგად გამოვლინდა რამდენიმე ვადაგასული მედიკამენტიც.

ა(ა)იპ – „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“

სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, რომ მომსახურება ხორციელდება კეთილმოწყობილ, სუფთა გარემოში, თუმცა იმის გამო, რომ შიდა კიბეებს არ აქვს პანდუსი და არც ლიფტით არის აღჭურვილი შენობა, ბენეფიციარების უსაფრთხოების ნორმები დაუცველია.

„დარღვეულია საშხაპის/საშხაპეების რაოდენობის სტანდარტიც – 6 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთისა. დაწესებულებაში მხოლოდ ერთი საშხაპეა, ქვედა სართულზე. დაწესებულებაში ზოგადად სისუფთავეა, თუმცა მწოლიარე ბენეფიციარების ოთახში შარდისა და სხვა უსიამოვნო სუნი იგრძნობა. თვალშისაცემია ამ ოთახებში ბუზების სიმრავლეც”, – დგინდება მონიტორინგით.

ამასთან, მონიტორინგით გამოიკვეთა, რომ ხანდაზმულთა სერვისების ბენეფიციართა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის რესურსები და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მათი ჩართვის მოტივაცია და რესურსები ძალზე დაბალია, კერძოდ:

  • სერვისის მიმწოდებლები არ ზრუნავენ ხანდაზმულ ბენეფიციართა სოციუმიდან იზოლირების დაძლევაზე და მათ სოციუმში რეინტეგრაციაზე, რაც ხანდაზმულ ბენეფიციართა საზოგადოებიდან იზოლირების და დისკრიმინაციის სახეს იღებს;
  • ბენეფიციარები ძირითადად არ მონაწილეობენ კულტურულ, გასართობ და სხვა ღონისძიებებში, რაც მათ დაეხმარებოდათ ფიზიკური, სოციალური, ინტელექტუალური და შემოქმედებითი აქტიურობის შენარჩუნებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბენეფიციარები ნებისმიერი სახის ძალადობისგან და იძულებისაგან დაუცველები არიან, კერძოდ, ბენეფიციარების და ადმინისტრაციის განცხადებით, ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტური სიტუაციები, რომლებსაც თავად ადმინისტრაცია აგვარებს.

სათემო ორგანიზაცია „სალბუნი“

ანგარიშში ნათქვამია, რომ შედარებით დადებით შეფასებას იმსახურებს სათემო ორგანიზაცია „სალბუნის“ მომსახურების მიმწოდებელთა მხრიდან ხანდაზმულ ბენეფიციართა ზრუნვის დამკვიდრებული პრაქტიკა, სადაც ხანდაზმულ ბენეფიციარზე მზრუნველობა ძირითადად ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.