დაუკვირდნენ, რას ამბობენ და როგორ ამბობენ – გახარია ოპოზიციის განცხადებებზე

პუბლიკა

„ხაზგასმით ვაცხადებ, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესში და ეს არის ქართული დემოკრატიის მიღწევა, რომელშიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, კონკრეტული ქვეყნების ელჩებმა, როგორც ფასილიტატორებმა, პირდაპირი მონაწილეობა მიიღეს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საარჩევნო სისტემა, რომელზეც 8 მარტს მხარეები შეთანხმდნენ, იმდენად მნიშვნელოვანი, ხარისხობრივი და სისტემური ცვლილებაა ქვეყნის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომ ამ მიღწევის რაიმე ფორმით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება აბსოლუტურად მიუღებელია.

„ქვეყანაში საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება არის ფუნდამენტური თემა, რომელზეც მთლიანად პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა. პროპორციულ ან პროპორციულთან მიახლოებულ სისტემას, რომლის ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ წლევანდელი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, ჩემთვის პერსონალურად, ჩვენი გუნდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს არის სისტემური საკითხი, რომელიც ხაზს უსვამს ქართული დემოკრატიის ხარისხს და მისი შემდგომი განვითარების ვექტორს აწესებს. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ყველაზე დიდი მიღწევა. საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვერც წარმომიდგენია და ვთვლი, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების საკითხს, გიორგი გახარიას შეფასებით, მსგავსი მოთხოვნების დაყენება ინსტიტუტების შეურაცხყოფაა.

„კონკრეტულ სამართლებრივ კრიმინალურ საქმეებზე, ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება – ან დადებითი, ან უარყოფითი, არ აქვს მნიშვნელობა. ეს გადაწყვეტილებები ძალაშია შესული და ამის შემდგომ ვიღაც აცხადებს, რომ ამ ადამიანების გამოშვება ან არგამოშვება იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი და ამ შეთანხმების დარღვევამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს პოლიტიკურ პროცესზე. ეს, უბრალოდ, შეუძლებელია და მოვუწოდებ ყველას, ვინც მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს, დაუკვირდნენ, რას ამბობენ და როგორ ამბობენ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.