სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ დღეს 22:00 საათზე, მას შემდეგ, რაც ძალაში შევა მთავრობის მიერ გადაადგილების შეზღუდვის აკრძალვა, დაუმორჩილებლობის აქციას გეგმავს.
„სირცხვილიას“ განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება ხალხზე ზრუნვის მოტივით აკრძალა, თუმცა ამავე ხელისუფლებამ გუშინ არაპროპორციულად, სიცივეში ცივი წყლის ჭავლის მიშვერით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. სამოქალაქო მოძრაობა წერს, რომ შეზღუდვების დაწესების მიუხედავად, ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პროტესტი გაგრძელდება.
„კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ბიძინა ივანიშვილო! ჩვენ შენი არ გვეშინია. საქართველოში რუსულ რეჟიმს არ დაგამყარებინებთ. რამდენი რობოკოპიც არ უნდა გამოიყვანო და შენი კარის ჯამბაზებს – კალაძეს, მდინარაძესა და კობახიძეს რაც არ უნდა ათქმევინო – ჩვენში შიშს ვერ ჩანერგავ.
შენი მხოლოდ შენს დაქვემდებარებულ მონებს ეშინიათ. ნამუსის ფულზე გამყიდველ მონებს. ეშინიათ იმ „მუშკეტერებსაც“, კორონავირუსი რომ უფრო დიდ საფრთხედ ეჩვენებათ და „პოლიტიკაში არ ერევიან“, ამიტომ, წყლის ჭავლით გაწუწულ ადამიანებზე ხმას ვერ იღებენ.
და ალბათ, ეს არის, ამ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ბედი. ცემისა და დაშინების მიუხედავად, ღირსებას არ ვთმობთ. გიკვირს, არა? ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ, ჩვენ, ვინც ყველაფრის მიუხედავად გამოვალთ გარეთ და ხმას შევუერთებთ მშიერ რაინდებს და საპროტესტო წერილებზეც მივაწერთ სახელს… შენი დღეები დათვლილია! არ გემორჩილებით!“, – წერს „სირცხვილია“.
გუშინ, 8 ნოემბერს ცესკოსთან სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.
მას შემდეგ, რაც ცესკოსთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ოპოზიციის ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ნიკა მელიამ საზოგადოებას მოუწოდა, რომ დაშლილიყვნენ და მომდევნო დღეს, ანუ 9 ნოემბერს 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილიყვნენ.
8 ნოემბერს პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს. ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შესვლაზე და მანდატებზე უარი თქვეს. შესაბამის დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი. მათი მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლა, ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათვაისუფლება.
ხოლო 9 ნოემბრიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.