საქართველოს მესამე პრეზიდენტის Facebook-გვერდზე მიხეილ სააკაშვილის სახელით ვრცელდება განცხადება, რომ „დაუმსახურებელი თავდასხმები“ მის სიყვარულს დედაეკლესიის მიმართ ვერ შეარყევს.
„ძლიერ გულსატკენი, არაადამიანური და დაუმსახურებელი თავდასხმები, საიდანაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, ვერ შეარყევს ჩემს რწმენას მთლიანობაში და ვერც ჩემს სიყვარულს ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ“, – აცხადებს სააკაშვილი.
1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია იმ საცხოვრებელი ბინის მეპატრონეც, ვის სახლშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.