საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი განიხილება, სიტყვით გამოვიდა კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი.
წულუკიანი ალეკო ელისაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოქალაქეებს თავისი ტელეფონის ნომერი შეახსენა და მათი პრობლემების მოსმენის პირობა დაუდო.
წულუკიანმა ელისაშვილის, მისი თქმით, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი მისცა და ურჩია, მისთვის დაერეკა და ის რასაც უკარნახებდა, რაზე ესაუბრა პარლამენტში.
„ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ.
მეც მინდა თქვენ ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ: 577 XX XX XX და იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც იცოდეს. ჩაინიშნეთ? – 577 XX XX XX.
ოღონდ, ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაურბეთ ამ პარლამენტში.
თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? კარგი, ეს რიტორიკული კითხვა იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„გვინდა, რომ ხალხის პრობლემები ისმოდეს ამ დარბაზში და იმიტომ ვართ ჩვენ აქ”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ისევ გაიმეორა თავისი მობილურის ნომერი და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ზარებს 4 წლის განმავლობაში უპასუხებს.
ამის შემდეგ ელისაშვილმა თქვა, რომ მისი რწმენით, 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა.
„არჩევნები გაყალბდა თუ არა? – გვეკითხებიან. გაყალბდა, ჩვენ ამის გვჯერა. 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა. მაშ, რატომ ვართ ამ დარბაზში, თუ გაყალბდა. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყოს საქართველოს ისტორიაში ბოლო გაყალბებული არჩევნები. და ის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, არის ამის გარანტია. მე მინდა ვთხოვო ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, ყველაფერს ამპარტავნულად კი ნუ გვიწუნებენ და ყველაფრის წყალში ჩაყრას კი ნუ ცდილობენ, არ მოსწონთ, რა წერია იქ? იბრძოლონ ჩვენზე მეტად, მეტი გამოგლიჯონ „ქართულ ოცნებას“, მეტად დაახევინონ უკან“, – განაცხადა ელისაშვილმა.