დაუშვებელია ამნისტია სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებზე - საია

პუბლიკა

„დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს”, – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია იცავს 20-21 ივნისის აქციის დროს დაზარალებულ პირთა (როგორც დემონსტრანტების, ისე ჟურნალისტების) ინტერესებს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ევროპულ სასამართლოში. 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის დაშლა აქციაზე მყოფი პირების უფლებების მასშტაბურ დარღვევაში გადაიზარდა. დაზარალებულთა მიმართ გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა, დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები, და გამოძიების არაეფექტიანობა, თავისი არსით, იწვევს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა), როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტის დარღვევას.

საია ხაზგასმით განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს.

ამნისტიის გამოყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება, რადგან მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას. ასეთი შედეგი კი, არასათანადო მოპყრობის აკრძალვით შექმნილ დაცვის გარანტიებს ილუზორულად აქცევს, და, იმავდროულად, მსუსხავი ეფექტი აქვს პირთა მიერ შეკრების ან/და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის კუთხით.

საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ საქმეებში (იხ. ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ) ევროპულმა სასამართლომ მკაცრად გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ კანონმდებელმა ამნისტიის შესახებ კანონის მიღებისას სათანადო ყურადღება არ გაამახვილა სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ (იქნება ეს დაბალი თუ მაღალი რანგის სამართალდამცავი) ჩადენილი სერიოზული გადაცდომის სრული სიმკაცრით დასჯის აუცილებლობაზე. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ კიდევ ერთხელ განმარტა საერთაშორისო სამართლით დადგენილი სტანდარტი, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიმართ ამნისტიის ან შეწყალების გამოყენება არ უნდა იყოს დაშვებული ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის, არაადამიანურ/დამამცირებელ მოპყრობასთან მიმართებით. იმავე მიდგომას იზიარებს ინტერ-ამერიკული სასამართლო, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია, გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო, ეუთო და ევროპული პარლამენტი.

შესაბამისად, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშულებში (იმის მიუხედავად, თუ ეროვნულ დონეზე რა კვალიფიკაციით იქნება საქმე წარმოებული),სახელმწიფოს წარმომადგენელ პასუხისმგებელ პირთა მიმართ ამნისტიის და შეწყალების გამოყენება არის საერთაშორისო სამართლის დარღევა. საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებიც ამგვარ აკრძალვას ითვალისწინებენ, საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია, და, კონსტიტუციის შემდეგ იერარქიით ყველაზე მაღლა დგას, შესაბამისად, საქართველო მათ შესრულებაზე ვალდებულია როგორც საერთაშორისო ორგანოების, ისე, საკუთარი მოქალაქეების წინაშე.

საია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე (იმის მიუხედავად, გამოძიება რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს). წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხის ქვეშაა არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო. შედეგად კი, სხვა სიკეთეთა შორის, ასევე, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ადამიანების შეკრებისა თუ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უფლებას”, – ნათქვამია განცხადებაში.