დაუშვებელია ჰესების ფორსირებულ რეჟიმში მშენებლობა - EMC

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მოუწოდებს  საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისების აგრესიული პოლიტიკა და არ გამოიყენოს შექმნილი კრიზისული ვითარება ამ პრობლემური პოლიტიკის დაჩქარებისთვის.

„სამწუხაროდ, კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისულ ვითარებაში, ჰესების მასიური მშენებლობის და ექსპლუატაციის მასშტაბურ პროგრამას, რომელთან დაკავშირებითაც ეკონომიკური, სამართლებრივი, გარემოსდაცვითი და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ლეგიტიმური კრიტიკა არსებობს, სახელმწიფო არათუ კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტად განიხილავს, არამედ კიდევ უფრო ფორსირებულ რეჟიმში აგრძელებს. ამას ადასტურებს კორონავირუსის გავრცელების პირობებშ, 2020 წლის 17 მარტს, ონის კასკადის პროექტზე გარემოსდაცვითი ნებართვის დაჩქარებულად, სათანადო საჯარო განხივლის გარეშე გაცემა, ისევე, როგორც პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ნესნკრას, ხუდონის და ნამახვანის პროექტების აუცილებლობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, 2019 წლის თებერვლის მონაცემებით, ინვესტორებთან 200-მდე ურთიერთგაგების მემორანდუმია გაფორმებული, ხოლო მუშაობა 120-მდე ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე მიმდინარეობს, სამწუხაროდ, სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია ენერგეტიკის, მათ შორის  ჰიდროენერგეტიკის, განვითარების სტრატეგია ან/და გეგმა, რომელიც სისტემურად, ერთიანობაში განსაზღვრავდა ქვეყნის ჰიდრორესურსების განვითარების ხედვებსა და შესაბამის სტანდარტებს. ამის გამო, ჰიდრორესურსების ათვისების ყველა მცდელობა ფრაგმენტულია და არ არის გამოკვლეული ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული თუ სხვა სახის საჭიროებების კონტექსტში.

ჰიდრორესურსებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის პრობლემურობას  ადასტურებს 2018 წელს მომზადებული მსოფლიო ბანკის კვლევაც, რომელიც დაგეგმილი ჰესების ეკონომიკურ შედეგებს განიხილავს და ასკვნის, რომ რამდენიმე მასშტაბური საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, მათ შორის ნენსკრასა და ნამახვანის შემთხვევებში,  დადებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები მინიმალური დანახარჯებით ოპტიმალური ენერგომიწოდების უზრუნველყოფას ვერ ახერხებენ და ზედმეტ ფისკალურ და სატარიფო წნეხს ქმნიან“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

მათივე განცხადებით, ჰესებთან დაკავშირებით მარტივი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაც კი მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. ინვესტორებთან დადებული ხელშეკრულებების დიდ ნაწილს კომერციული საიდუმლოების სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად, საზოგადოებას აღნიშნულ დოკუმენტებზე წვდომა და საჯარო კონტროლის შესაძლებლობა არ გააჩნია.

„ამასთან, 2018 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში მოქმედი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის საფუძველზე, გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად აუცილებელ საფეხურებად  სკრინინგისა და სკოპინგის პროცედურა განისაზღვრა. აღნიშნული მოწესრიგება, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, ერთი მხრივ, ემსახურება გარემოსდაცვით შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების მკვეთრ ჩარჩოებში მოქცევას, გზშ-ანგარიშების მოსამზადებლად გამოსაკვლევი ასპექტების წინასწარ სრულად დამუშავებას, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოების, დაინტერესებული პირების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურ ჩართულობას. მიუხედავად მკაფიო საკანონმდებლო მოწესრიგებისა, სკრინინგის და სკოპინგის პროცედურები, მიმდინარე მანკიერი პრაქტიკის გამო, მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ნამახვანი ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება აღნიშნულის ნათელი ილუსტრაციაა. სახელმწიფომ საზოგადოების დაინტერესებული ნაწილის ჩართულობის უზრუნველყოფის ნაცვლად, პროექტის საჯარო განხილვა, უშუალოდ საპროექტო არეალიდან თითქმის 50 კმ-ით დაშორებულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართა, სადაც დაინტერესებული საზოგადოების რელევანტური და კრიტიკული შეკითხვები, დიდ წილად, პასუხგაუცემელი დარჩა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ნამახვანი ჰესის დეველოპერი კომპანიიის მიერ სკოპინგის დასკვნით გათვალისწინებული სავალდებულო კვლევები არ ჩატარებულა, სამინისტრომ ნამახვანი ჰესზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2020 წლის 28 თებერვალს მაინც გასცა. აღნიშნული პრაქტიკა, მკაფიოდ უსვამს ხაზს სავალდებულო პროცედურის ფორმალურ ხასიათს და მწვავედ მიუთითებს კანონმდებლობის  სათანადოდ აღსრულების პრობლემებზე“, – ამბობენ EMC-ში.

EMC მოუწოდებს  საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:

  • არ გამოიყენონ შექმნილი კრიზისული ვითარება ჰიდრელექტროორესურსების მაქსიმალური ათვისების ხარვეზიანი პოლიტიკის ფორსირებისთვის;

გარდა ამისა:

  • შეიმუშავონ განახლებადი ენერგეტიკის, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკის განვითარების სისტემური მიდგომა და სტრატეგია;
  • აღმოფხვრან ჰესების მშენებლობის დაგეგმვისა და კომპანიებთან წინასწარი შეთანხმების გაუმართავი და გაუმჭვირვალე პრაქტიკა;
  • უზრუნველყონ ჰესების მშენებლობის პროექტების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირების სათანადო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • უზრუნველყონ ჰესების პროექტების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის უფლებების დაცვა.