დაუშვებელია მთავრობის მიერ „ღია ბიუჯეტის“ რეიტინგის გამოყენება დრაკონული კანონის გასამართლებლად - IBP

პუბლიკა

საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო საბიუჯეტო თანამშრომლობა“ (IBP) ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელშიც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

დაუშვებელია საქართველოს მთავრობის მიერ „ღია ბიუჯეტის“ კვლევის რეიტინგის გამოყენება დრაკონული კანონის გასამართლებლად, რომელიც ზღუდავს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას გამჭვირვალობის საბაბით“, – აცხადებს IBP.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კანონის გასამართლებლად არასწორი ინტერპრეტაციით ახსნა „ღია ბიუჯეტის“ კვლევის შედეგები.

„იმედგაცრუებული დავრჩით, როცა დავინახეთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კანონის გასამართლებლად არასწორად ახსნა ქვეყნის რეიტინგი „ღია ბიუჯეტის“ კვლევაში. გვსურს, მკაფიო ვიყოთ, რას ზომავს კვლევა და რას – არა. „ღია ბიუჯეტის“ კვლევა ზომავს გამჭვირვალობას, ზედამხედველობას და საზოგადოების ფორმალურ მონაწილეობას ეროვნული მთავრობის ბიუჯეტის შედგენის პროცესებში. საქართველოს ქულა ნიშნავს, რომ მთავრობამ გამოაქვეყნა დროული და ამომწურავი ინფორმაცია საბიუჯეტო დოკუმენტებში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო საბიუჯეტო პროცესის მიღმა არის სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური საზოგადოებასთან. მართლაც, დამოუკიდებელმა შეფასებებმა აჩვენა მაღალი დონის კორუფციის მზარდი შემაშფოთებელი ნიშნები, – აცხადებს ორგანიზაცია.

IBP აღნიშნავს, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია საჯარო სექტორის ღიაობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და დემოკრატიული საზოგადოებების არსებითი წინაპირობაა. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, რომელიც ისწრაფვის უფრო დემოკრატიული მომავლისკენ.