კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ დაუშვებად მიიჩნევენ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ნამოხვანში.
„ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ინტერნეტზე წვდომა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ნამოხვანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმართ, მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე კი მიუღებელია კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა“, – ამბობს კოალიცია.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მოუწოდებს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ გაკეთოს განმარტება გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტის შესახებ.
„დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რათა ნამოხვანში მყოფმა პირებმა ისარგებლონ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებით, ჟურნალისტებს კი ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად“, – აღნიშნავს კოალიცია.
„მედიის ადვოკატირებისათვის“ მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას, შეისწავლოს ნამოხვანში ინტერნეტის შეფერხების საკითხი და მიაწოდონ კოალიციას ინფორმაცია ამ დროისთვის არსებულ მაჩვენებელზე.
გუშინ, მთელი დღის განმავლობაში სოფელ ნამოხვანში ინტერნეტ და სატელეფონო კავშირის სირთულეებზე საუბრობნენ როგორც აქტივისტები, ასევე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები.
„მთელი დღის განმავლობაში ვერც აქტივისტებმა და ვერც ჟურნალისტებმა ნამოხვანიდან ინფორმაციის გავრცელება ვერ შევძელით“, – ამბობს „პუბლიკასთან” საუბრისას „მთის ამბების“ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტის გაშუქებას გუშინ ადგილიდან ცდილობდა.
„პუბლიკამ“ გუშინ დღის განმავლობაში არაერთხელ მიმართა შსს-ს შეკითხვით, ინტერნეტ-კავშირის ჩახშობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.
უწყება მოგვიანებით მსგავსს საკითხს მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეეხო: ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს”, – ნათქვამია განცხადებაში.