დაუშვებელია სტუდენტების გულწრფელი პროტესტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის - თსუ-ის რექტორი

პუბლიკა

„თსუ-ს არჩევანი ევროპაა. როგორც თსუ-ს რექტორს მიმაჩნია, რომ დაუშვებელია სტუდენტების გულწრფელი პროტესტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩემთვის, იმავდროულად, მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის უსაფრთხოება. უახლოეს დღეებში ვფიქრობ სტუდენტებთან შეხვედრას ამ კანონის შესახებ“,– ამის შესახებ თსუ-ის რექტორი ჯაბა სამუშია Facebook პოსტში წერს.

იქამდე სამუშიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა.

„საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, ქართული სახელმწიფოს მიერ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული საგარეო-პოლიტიკური კურსის კანონზომიერი გაგრძელებაა….

ისტორიულად და დღევანდელ რეალობაშიც საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია! საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია! შინ ევროპისკენ!“,- დაწერა სამუშიამ.

გუშინ „სტუდენტებმა რუსული კანონის წინააღმდეგ“ განცხადება გაავრცელეს, რომლითაც თსუ-ის რექტორს ჯაბა სამუშიას და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მიმართავენ საჯაროდ გამოხატონ პოზიცია „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტის შესახებ.

სტუდენტები იმედს გამოთქვამენ, რომ მათ მიერ წამოჭრილი საკითხი დადგება აკადემიური და საფაკულტეტო საბჭოების დღის წესრიგში.


პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.

მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.

მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.