ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მარნეულში ჟურნალისტებზე და აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებს ეხმაურება. ორგანიზაციის ცნობით, EMC სამართლებრივ დახმარებას უწევს დაზიანებულ ჟურნალისტებს. ორგანიზაციის ადვოკატი მარნეულის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის პროცესებს დღესვე დაესწრება.
“EMC გამოთქვამს შეშფოთებას მარნეულში გამოვლენილი ძალადობრივი შემთხვევების გამო, რომელსაც მათ შორის სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტის ჯეიჰუნ მუჰამედალისა და ოპერატორის ლაშა გურეშიძის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. დაზარალებული პირების განმარტებით, ამ პროცესში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ.
სამწუხაროდ, ბოლო დღეებში პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ძალადობის არაერთი მძიმე შემთხვევა დაფიქსირდა ამ რეგიონში. მათ შორის, სოფელ ნახიდურში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი), სადაც რამდენიმე დღის წინ მუქარის ფაქტი ჟურნალისტ ჯეიჰუნ მაჰამედალის მიმართაც დაფიქსირდა.
დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მითუფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით დაესხნენ.
EMჩ სამართლებრივ დახმარებას უწევს დაზიანებულ ჟურნალისტებს. ჩვენი ადვოკატი მარნეულის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის პროცესებს დღესვე დაესწრება.”- ნათქვამია განცხადებაში.
მარნეულში დღეს „მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მთავარი არხის“ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. დაზიანებულია ორივე მაუწყებლის ტექნიკა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – ძალადობა (სსკ-ის 126-ე) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა (სსკ-ის 154-ე).