„დაუშვებლად მივიჩნევთ „სულაკაურის“ წინააღმდეგ აგორებულ ძალადობრივ კამპანიას“ - მწერალთა სახლი

პუბლიკა

მწერალთა სახლი დაუშვებლად მიიჩნევს „სულაკაურის“ გამომცემლობის წინააღმდეგ აგორებულ ძალადობრივ კამპანიას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ხელისუფლების მიერ გამომცემლობის ლგბტ პროპაგანდაში დადანაშაულება საფუძველს მოკლებულია და მხოლოდ აძლიერებს აგრესიას კონკრეტული ადამიანების მიმართ და აჩენს ცენზურის ნიშნებს სახელმწიფოში“.

„ხელისუფლების მიერ გამომცემლობის ლგბტ პროპაგანდაში დადანაშაულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია; ეს მხოლოდ აძლიერებს აგრესიას კონკრეტული ადამიანების მიმართ და აჩენს ცენზურის ნიშნებს სახელმწიფოში, სადაც გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული.

მწერალთა სახლი სოლიდარობას უცხადებს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთ პირველ გამომცემლობას და პროფესიონალთა გუნდს, რომელთა დამსახურებითაც უკვე 24 წელია საქართველოს მოქალაქეები ქართული და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, საბავშვო და საყმაწვილო პროზასა და პოეზიას, საგანმანათლებლო და შემეცნებით ლიტერატურას ეცნობიან.

მწერალთა სახლის ისტორია ქართული მწერლობის ცენზურის ისტორიაცაა, რომლის სიღრმისეული ცოდნა გვაძლევს უფლებას ყველას შევახსენოთ, რომ „წიგნების დაწვაზე უარესი დანაშაულიც არსებობს. ერთ-ერთი – მათი წაუკითხაობაა“, – წერია განცხადებაში.


27 ივნისს, სულაკაურის გამომცემლობას რამდენიმე ქალი „დედების სახელით“ მიუვარდა და თანამშრომლები „ლგბტ პროპაგანდაში” დაადანაშაულა. ისინი გამომცემლობის თანამშრომლებს ათი წლის წინ ნათარგმნი ზღაპრის და ერთ-ერთი ფემინისტური წიგნის გამო ლანძღავდნენ.

30 ივნისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სულაკაურის გამომცემლობა ე.წ ლგბტ პროპაგანდაში დაადანაშაულა.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მაშინ განაცხადა, როდესაც ბავშვებში „ლგბტ პროპაგანდაზე“ გამოთქვამდა შეშფოთებას და ამის საილუსტრაციოდ „მაკდონალდსი“ და სულაკაურის გამომცემლობა დაასახელა.

„მიუღებელია ერთ-ერთ წიგნში, თუ არ ვცდები, სულაკაურის გამომცემლობაში იყო ასევე, ვფიქრობ, საგანგაშო ფაქტი, ამაზე საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მკვეთრი და მძაფრი“, – თქვა ღარიბაშვილმა.