დაუყოვნებლივ გაუწიეთ სააკაშვილს მაღალი კლასის სამედიცინო მომსახურება - რადის დეპუტატები პრეზიდენტსა და პრემიერს

პუბლიკა

უმაღლესი რადის დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართავენ. სალომე ზურაბიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილისადმი განკუთვნილი წერილის ტექსტს გამოცემა „გორდონი“ ავრცელებს.

მიმართვაში დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ, რომ უკრაინასა და საქართველოს „ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და დროში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობა“ აკავშირებთ. ორივე ქვეყანამ იცის თავისუფლების ფასი და მზადაა, მის უყოყმანოდ დასაცავად.

ამასთან ერთად, ორივე ქვეყნის საზოგადოებაში მნიშვნელოვან პრინციპადაა აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

„ამის გათვალისწინებით, ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და მისი პატიმრობის ირგვლივ შექმნილი სიტუაციით“, – წერენ დეპუტატები.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა უკრაინის უფლება და მოვალეობაცაა, რადგან ის 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეა.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებით. ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ საჭიროა მისი გადაყვანა უმაღლესი კლასის კერძო, სამოქალაქო საავადმყოფოში.

ამის გათვალისწინებითა და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დაცვის მოტივით, ჩვენ მოგიწოდებთ: დაუყოვნებლივ ჩაუტაროთ მიხეილ სააკაშვილს მაღალი კლასის სამედიცინო მომსახურება, რომელიც გარანტირებულად დაიცავს მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, იმაში დასარწმუნებლად, რომ მიხეილს სააკაშვილი შესაბამის სამედიცინო მხარდაჭერას იღებს.

ასევე, მოგიწოდებთ მიხეილ სააკაშვილის რაც შეიძლება მალე უკრაინაში დაბრუნებისკენ“, – ნათქვამია უმაღლესი რადის დეპუტატთა მიმართვაში.

მიმართვას ხელს 89 დეპუტატი აწერს,  ძირითადად, მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ წარმომადგენლები.