დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა განათლების სისტემის გადაწყობის წესზე | მშობელთა ასოციაცია

პუბლიკა

მშობელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში covid-19-ის ინფექციის გავრცელების პირველივე დღიდან აკვირდებიან მშობლები განათლების სისტემის რეაგირებას არსებულ გამოწვევებზე.

მშობლები ამბობენ, რომ აფასებენ თითოეული სკოლისა და პედაგოგის მხრიდან დისტანციურად სწავლების რეჟიმზე გადასვლის მცდელობას და ხედავენ როგორც ცალკეულ წარმატებულ მაგალითებს, ისე განათლების მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლის მიტოვების რეალური რისკის ქვეშ დგანან.

„ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ვირუსული ინფექციის გავრცელებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგაც კი სახელმწიფოში არ გვაქვს ახალ რეალობასთან ადაპტირებული სახელმძღვანელო პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების ფიზიკურ და ფსიქიკურ უსაფრთხოებას პანდემიის პირობებში. შედეგად, ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ბავშვს ექმნება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

ჩვენ ვხვდებით მშობლებს, რომლებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაუსაძლის ვითარებაში უწევთ ცხოვრება. ვხვდებით შშმ და სსსმ -მოსწავლეთა ოჯახებს, რომლებსაც შეეზღუდად საჭირო მომსახურებებზე წვდომა, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს ბავშვების მდგომარეობას. ვხვდებით სასიცოცხლო მნიშვნელობის პროფესიების წარმომადგენელ მშობლებს, რომელთაც სასწორზე უდევთ შვილების უსაფრთხოება და პროფესიული მოვალეობის შესრულება.

ამ ფონზე მიგვაჩნია, რომ პანდემიის დროს ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს აბსოლუტურად ვერ ფარავს დისტანციურად მიწოდებული ზოგადი განათლება.

კრიტიკულად აუცილებელია სახელმწიფოს გააჩნდეს ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის გეგმა, რომელიც პირველ რიგში ითვალისწინებს საბავშვო ბაღებისა და სკოლების ახალ რეალობაზე გადაწყობის ეფექტური საშუალებების დანერგვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მშობელთა ასოციაცია მოითხოვს, მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქების თარიღისა, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა განათლების სისტემის გადაწყობის წესზე (პროტოკოლზე), რომლის ფარგლებში სახელმწიფო იზრუნებს ფიზიკურ სივრცეში განათლების მიღებისა და ბავშვთა სოციალიზაციის ალტერნატიულ მეთოდებზე, როგორც სკოლამდელი, ისე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის.

ამ მიზნის მიღწევის ერთადერთ გზად ისინი მიიჩნევენ სხვადასხვა კატეგორიის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არსებული რესურსების გათვალისწინებით განათლების სისტემაში განსხვავებული მიდგომის დანერგვას, რომლის ფარგლებშიც დაცული იქნება ბავშვებისა და მასწავლებლების უსაფრთხოება.

„ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სახელმწიფომ იზრუნოს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროფესიების მქონე დასაქმებული მშობლების ხელშეწყობაზე და სსსმ და შშმ ბავშვებისთვის თერაპიული სერვისების უსაფრთხო და უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე.

მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, მეტი ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა გამოიჩინოს საზოგადოების, მოქალაქეების წინაშე; განათლების სისტემის გადაწყობის წესზე (პროტოკოლზე) მუშაობის პროცესი წარმართოს გამჭვირვალედ, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების (ექიმების, ფსიქოლოგების, განათლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების) და სამოქალაქო საზოგადოების (მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციები, ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაციები) უშუალო ჩართულობით“, – ნათქვამია მშობელთა ასოციაციის განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“.