დაუყოვნებლივ დატოვოს პოლიციამ რიონის ხეობა და შეწყდეს სამუშაოები - NGO-ები

პუბლიკა

„სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ნამახვანი ჰესის მშენებლობის პროცესის პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტის გზას არ იყენებს და სწორედ ადამიანის უფლებების და სოციალური სამართლიანობის დაცვის მიზნით მისთვის გადაცემულ საპოლიციო უფლებამოსილებას, დღეს მისივე მოქალაქეების ინტერესების და თავისუფლებების წინააღმდეგ იყენებს”, – ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმაურებიან რიონის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს და დაუშვებლად მიიჩნევენ „საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით და მოსახლეობის მოთხოვნების უგულებელყოფით, ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლებას”.

ხეობის მცველების მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის მთავარ მოთხოვნად რჩება ნამახვანჰესის პროექტის, მათ შორის, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თაობაზე განმარტებების მოსმენა პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირების მხრიდან. თუმცა, ხელისუფლება დღემდე უარს აცხადებს ამგვარ დიალოგზე და ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს გააგრძელოს ჰესის მშენებლობის პროცესი.

ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ საჯარო მდგრადი ინტერესების და სიკეთეების დაცვაზე ორიენტირებული მოდერატორის როლი იკისროს, რაც სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპებიდან გამომდინარეობს, სახელისუფლებო აპარატი დღეს სრულად კერძო ინტერესის მხარეს დგება. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით ხელისუფლების მხრიდან საპოლიციო, საინფორმაციო და ადმინისტრაციული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების არაღიარების და დისკრედიტაციის მიზნით. თუმცა, დღეს ხელისუფლება უკვე ფუნდამენტური უფლებების ხელყოფით, რეპრესიული აპარატის აგრესიული გამოყენებით საზოგადოებრივ ჯგუფებთან დემოკრატიული დიალოგისა და სამართლებრივი გზებით შექმნილი კრიზისის გადაჭრაზე უარს აცხადებს. პროცესის ამგვარი რადიკალიზების საფუძველი, სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ბუნდოვანია და საჯარო ინტერესისა და დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო.

ასევე, სრულად ვიზიარებთ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციას და დაუშვებლად მივიჩნევთ, სახელმწიფოს მცდელობას, მიმდინარე მოვლენები მოსახლეობასა და მშენებელ კომპანიას შორის არსებულ დაპირისპირებად წარმოაჩინოს და ამით თავიდან აიცილოს საკუთარი პასუხისმგებლობა.

რიონის ხეობაში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, მოვუწოდებთ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს საპოლიციო ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის ფუნდამენტური უფლებების განუხრელად დაცვა;

საქართველოს მთავრობას:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ადგილზე მიმდინარე ყველა ტიპის სამშენებლო სამუშაოების, მათ შორის, დაუსაბუთებლად განახლებული მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე;
  • პროექტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შესახებ დემოკრატიული და სათანადო საჯარო დისკუსიების წარმართვამდე, უარი თქვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის შესახებ მიღებული უკიდურესად პრობლემური გადაწყვეტილების რეპრესიული მეთოდებით აღსრულებაზე;

საქართველოს სახალხო დამცველს:

  • შემჭიდროვებულ ვადებში უზრუნველყოს დღეს რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების შეფასება ადამიანის უფლებების შუქზე, რამდენადაც უკანონო და დაუსაბუთებელი შეზღუდვებიდან გამომდინარე, ადგილზე მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ჰქონდათ დაშვება, ხოლო მიმდინარე მოვლენების მიმართ არსებობს განსაკუთრებულად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
  • მწვანე ალტერნატივა.

დღეს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპნიამ ENKA-მ სამუშაოები განაახლა. მოსახლეობა სამუშაოების განახლებას აპროტესტებს, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. სოფელ ნამოხვანში აქციის 2 მონაწილეც დააკავეს.