უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინონ ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნები და დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნა და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი გადაუდებელი რეანიმაციული ზომების უზრუნველსაყოფად და აკმაყოფილებს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარებია გაწევის სტანდარტებს”, – ამბობს დენისოვა. [„ფორმულას“ თარგმანი]
უკრაინის ომბუდსმენი ასევე მოუწოდებს სხვა ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადადების აუცილებლობასა და მისი მესამე ქვეყნის კლინიკაში გადაყვანის შესახებ.
„მივმართავ უცხო ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადადების აუცილებლობის შესახებ მისი შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციამდე და მესამე ქვეყანაში ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე, რომელსაც აქვს ხანგრძლივი შიმშილობიდან გამოყვანის და სხეულის ფუნქციების აღდგენის რესურსები და გამოცდილება”, – აღნიშნა ლუდმილა დენისოვამ. [„ფორმულას“ თარგმანი]
მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვენ, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინფორმაციით კი, სააკაშვილის გადაყვანის საჭიროებაზე საუბარი კონსულტაციების შემდეგ დაიწყება. სერგეენკოს თქმით, დანიშნულია 5 კონსულტაცია, რომელთაგან ჯერ მხოლოდ ერთი ჩატარდა.