„დაუყოვნებლივ შეჩერდეს კანონპროექტის განხილვა“ - საპარლამენტო ოპოზიცია სახელმწიფო ინსპექტორზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა იმ კანონპროექტის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

„ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუციას უთხრის ძირს და აყენებს დარტყმას, არის ღია გზავნილი ხელისუფლებისგან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ინსტიტუციისა და საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის.

„საგანგაშოა ასევე ის, რომ ახალი წლის წინა კვირაში არის შემოსული ის ინიციატივა, მომზადებულია ყველასგან ფარულად, ინსპექტორიც ჩართული არ ყოფილა და ინიციატორები ითხოვენ ამ სქელი პაკეტის, მთელი რიგი კანონების მიღებას დაჩქარებული წესით, ფაქტობრივად 1 კვირაში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი არის რეფორმის საფარქვეშ დარტყმის განხორციელება სახელმწიფო ინსპექტორზე და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ყველა ინსტიტუციაზე და ასევე მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია, ასეთი სქელტანიანი პროექტის დაჩქარებული განხილვა.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სახელმწიფოს და ინსტიტუციების ბედი აღელვებთ, მათ შორის, ჩვენს მეგობრებს, ჩაერთონ ამ პროცესში, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, მისი გაგრძელება იქნება ღია და მძიმე დარტყმა სახელმწიფო ინსტიტუციებზე და მათ დამოუკიდებლობაზე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რესტრუქტურიზაცია სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების შეჩერებისკენაა მიმართული. დეპუტატი ამბობს, რომ გამოძიება გადაეცემა ადამიანს, რომელიც არასდროს დაასრულებს საქმის მოკვლევას.

„ეს არის ასევე გზავნილი პირადად ლონდა თოლორაიას მიმართ, რომელიც ახლა დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა, რომელმაც თავად განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ეს კონკრეტული მომენტი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის შეირჩა, სწორედ იმიტომ, რომ რეჟიმმა ჩათვალა, რამდენიმე დღის ბავშვით ხელში ახალნამშობიარები დედა ვერ შეძლებდა სამსახურის დაცვას და იმიტომ, რომ ეს არის წინასაახალწლო პერიოდი, როგორც თოლორაიამ აღნიშნა, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება სამსახურის მისამართით, იმიტომ, რომ ამ სამსახურმა და პირადად ლონდა თოლორაიამ გაბედა, რომ არ ყოფილიყო მონურ მორჩილებაში და მონურ მორჩილებას არჩია პროფესიონალური სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობა, გაბედა, რომ ეთქვა სიმართლე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ეს არის უკიდურესად საგანგაშო ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ.

„ვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს კანონპროექტის განხილვა, მოხდეს სახელმწიფო ინსპექტორის ჩართვა ამ პროცესში, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების და აღნიშნული რესტრუქტურიზაცია განხორციელდეს მას შემდეგ, რაც მოქმედი ინსპექტორის ვადა ამოიწურება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ რამე სხვა მიზეზი უდევს საფუძვლად ამ რესტრუქტურიზაციას პოლიტიკური და პირადი ანგარიშსწორების გარდა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.